მინსკში განაცხადეს, რომ ფხენიანში ლუკაშენკას ვიზიტის შედეგმა „ყველა მოლოდინს გადააჭარბა“

ალიაქსანდრ ლუკაშენკა და კიმ ჩენ ინი. ფხენიანი, 2026 წლის 26 მარტი

ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ დაასრულა თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში. მან საპასუხო ვიზიტით მინსკში მიიწვია ჩრდილოეთ კორეის მეთაური კიმ ჩენ ინი.

ბელარუსის და ჩრდილოეთ კორეის მმართველთა შეხვედრა ფხენიანში 26 მარტს გაიმართა.

მოლაპარაკების შემდეგ ლუკაშენკამ და კიმმა ხელი მოწერეს ბელარუსსა და ჩრდილოეთ კორეას შორის „მეგობრობისა და თანამშრომლობის“ შეთანხმებას.

ასევე ნახეთ „გულმოწყალე მამა“კიმ ჩენ ინმა საფუძველი ჩაუყარა რუსეთისთვის დაღუპულთა მემორიალურ მუზეუმს

ლუკაშენკასთან ერთად ფხენიანში იმყოფებოდა ბელარუსის მთავრობის წევრების დელეგაცია.

ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტას“ ცნობით, ფხენიანში გაფორმდა ათამდე დოკუმენტი განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, კულტურის და ფიზკულტურისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ბელარუსისა და ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები „პრინციპულად ახალ ეტაპზე გადადის“.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ლუკაშენკას საზეიმო მიღება და კონცერტი გაუმართეს, ფხენიანის აეროპორტიდან კი პირადად კიმ ჩენ ინმა გააცილა.

დღეს, 27 მარტს ლუკაშენკას პრესმდივანმა ნატალია ეისმონტმა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასს“ განუცხადა, რომ ფხენიანში ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტის შედეგებმა „ყველა მოლოდინს გადააჭარბა“.

ასევე ნახეთ „აი, მოვა კოული და...“ - აშშ-სა და ბელარუსის „დიდ გარიგებაზე“
ასევე ნახეთ როგორ გაართულებს ლუკაშენკას ცხოვრებას ჰააგის ტრიბუნალის გამოძიება
  • ბელარუსის და ჩრდილოეთ კორეის მმართველები რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მცირერიცხოვან მოკავშირეებს შორის არიან და მხარს უჭერენ უკრაინის წინააღმდეგ ომში.
  • ამ ფონზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ მინსკის საწინააღმდეგო სანქციები შეარბილა, ლუკაშენკას ხელისუფლებამ კი პოლიტპატიმრების ნაწილი გაათავისუფლა.