Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გაართულებს ლუკაშენკას ცხოვრებას ჰააგის ტრიბუნალის გამოძიება

ბანერი, რომელზეც ლუკაშენკასა და პუტინის ჰააგაში გასამართლებას ითხოვენ, ვანკუვერში 2022 წელს გამართულ პრო-უკრაინულ დემონსტრაციაზე.
ბანერი, რომელზეც ლუკაშენკასა და პუტინის ჰააგაში გასამართლებას ითხოვენ, ვანკუვერში 2022 წელს გამართულ პრო-უკრაინულ დემონსტრაციაზე.

ჰააგის ტრიბუნალის (International Criminal Court – ICC) გადაწყვეტილება, დაიწყოს გამოძიება ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ, ზრდის საერთაშორისო ზეწოლას ბელარუსის ხელისუფლებაზე, თუმცა მინსკმა თავად შეუწყო ხელი სასამართლოს ამ გადაწყვეტილების მიღებას.

საერთაშორისო მართლმსაჯულება ხანგრძლივი პროცესია. 1,5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლიეტუვამ სარჩელი შეიტანა ჰააგაში მდებარე ICC-ში. ლიეტუვის ხელისუფლებამ მოითხოვა გამოძიება კაცობრიობის წინააღმდეგ სავარაუდო დანაშაულებზე, რომლებიც ჩადენილია ბელარუსის რესპუბლიკაში. მართალია, ბელარუსი არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი ქვეყანა, მაგრამ ლიეტუვამ როგორც წევრმა სახელმწიფომ განაცხადა, რომ ზოგიერთი სავარაუდო დანაშაული მის ტერიტორიაზეც მოხდა.

უცნობია, როგორ დასრულდებოდა ეს საქმე, მაგრამ ბოლო 1,5 წელიწადში გაჩნდა მრავალი ახალი ფაქტი და არგუმენტი, რომლებიც ბელარუსის ხელისუფლების დანაშაულში მონაწილეობაზე მიუთითებს. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც სასამართლო დაარწმუნა გამოძიების დაწყებაში, გახდა პოლიტიკური პატიმრების — ბელარუსის მოქალაქეების — იძულებითი გაძევება საზღვარგარეთ.

სასამართლოს პროკურორის ოფისის დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სწორედ „იძულებით ქმედებებს, რომლებმაც დეპორტაცია გამოიწვია“. ეს პროცესი კი ბოლო დროს კიდევ უფრო დაჩქარდა. ყოველ ახალ ვიზიტთან ერთად, რომელსაც ჯონ კოული — აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი — ახორციელებს მინსკში, იზრდება იმ პოლიტიკური პატიმრების რიცხვი, რომლებიც ბელარუსიდან გაჰყავთ საზღვარგარეთ. ამგვარად, ბელარუსის ხელისუფლება თავად აწვდის ICC-ის დამატებით მასალას.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების პოლიტიკური შედეგები

რა პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს გამოძიების დაწყებას? სავარაუდოა, რომ პროცესი დასრულდეს იმით, რომ გაიცეს დაპატიმრების ორდერი იმ ბელარუსი ჩინოვნიკების წინააღმდეგ, რომლებიც დანაშაულებში არიან მხილებული. ეს შეიძლება თავად ლუკაშენკასაც შეეხოს. მსგავსი ორდერი უკვე გაცემულია ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ.

ცხადია, ეს სიტუაცია ლუკაშენკასთვის არასასიამოვნოა, რადგან ზრდის მის საერთაშორისო „ტოქსიკურობას“. უფრო მეტიც, ეს ხდება იმ დროს, როდესაც თითქოს მას საერთაშორისო იზოლაციიდან გამოსვლის შანსი გაუჩნდა.

აშშ-თან მოლაპარაკებები, ვაშინგტონთა„დიდი შეთანხმების“ პერსპექტივა იმედს აჩენდა, რომ დასავლეთი ლუკაშენკას ბელარუსის ლეგიტიმურ ლიდერად აღიარებდა. ასევე ახალ შესაძლებლობებს ხსნიდა ლუკაშანკას მზადყოფნა შეერთებოდა დონალდ ტრამპის მიერ შექმნილ მშვიდობის საბჭოს.

16 თებერვალს ლუკაშენკომ განაცხადა: „ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას ამ საბჭოს მუშაობაში პრეზიდენტის დონეზე. შესაძლოა არა ვაშინგტონში, არამედ ევროპაში ან ახლო აღმოსავლეთში. შესაძლოა ისრაელში ან თურქეთში გაიმართოს მომდევნო სხდომები. ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას მის მუშაობაში“


ახლა კი ICC-ის გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ამცირებს დემოკრატიულ ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალიზების შანსს. რთულია დახმარების ხელი გაუწოდო ადამიანს, რომელიც შესაძლოა მალე ოფიციალურად გამოცხადდეს ძებნილად კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის.

საქმე მხოლოდ დასავლეთში არ არის. „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებისთვისაც ეს გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს ფაქტორი, რომელიც შეამცირებს მათ კონტაქტებს ლუკაშენკასთან და მისი რეჟიმის წარმომადგენლებთან. ბევრმა ლიდერმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ არ ღირს საკუთარი რეპუტაციის რისკის ქვეშ დაყენება.

სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც ICC-მა პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა, რუსეთის პრეზიდენტმა მნიშვნელოვნად შეზღუდა უცხოეთში ვიზიტები. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ძნელი წარმოსადგენია ვინმემ ბირთვული სახელმწიფოს ლიდერის დაპატიმრება გაბედოს. თუმცა ლუკაშენკოსთვის, რომლის საერთაშორისო სტატუსი რუსეთის ლიდერისაზე ბევრად დაბალია, რისკი უფრო დიდია.

ამავე დროს არსებობს ფაქტორები, რომლებიც ლუკაშენკას სასარგებლოდ მოქმედებს. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა საერთაშორისო ინსტიტუტების (ისეთების როგორიცაა გაერო, WTO (ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია) და ა.შ.) ავტორიტეტის შემცირება, მათი გლობალური გავლენა დასუსტება.

ეს ასევე ეხება ICC-საც. უნდა გავიხსენოთ, რომ აშშ არ არის ამ სასამართლოს წევრი. მეტიც — ვაშინგტონმა სანქციებიც კი დააწესა სასამართლოსა და მისი პროკურორების წინააღმდეგ, როდესაც ისინი ამერიკელ მოქალაქეებსა და მათ მოკავშირეებს, მაგალითად ისრაელს შეეხნენ.

ზოგადად, საერთაშორისო სამართლის სისტემაც, როგორც ასეთ, სერიოზულ კრიზისს განიცდის. ამას მოწმობს რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, ასევე აშშ-ის პოლიტიკა ვენესუელასა და ირანის მიმართ.

ამ კონტექსტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ახლანდელი გადაწყვეტილების პოლიტიკური შედეგებიც გარკვეულწილად შეიძლება ნიველირდეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG