პაკისტანის, საუდის არაბეთის, თურქეთისა და ეგვიპტის წარმომადგენლებმა კვირას, ახლო აღმოსავლეთში "ომის ადრეულად და მუდმივად დასრულების შესაძლო გზები" განიხილეს, - განაცხადა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისჰაქ დარმა.
ოთხივე ქვეყანამ ისლამაბადში გაერთიანებული მოლაპარაკებები გამართა აშშ-სა და ირანის ომში ესკალაციის შემცირების მიზნით. ისლამადში ჩავიდნენ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფაიზალ ბინ ფარჰანი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჰაქან ფიდანი და ეგვიპტის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბადრ აბდელატი.
საქმის კურსში მყოფი წყაროების ცნობით, პირველადი განხილვა ეხებოდა წინადადებებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის აღდგენას ითვალისწინებდა.
მოლაპარაკებები გაიმართა ირანის გაფრთხილების ფონზე, რომ დაუშვებელია აშშ-ის მიერ სახმელეთო ოპერაციის დაწყება ირანის წინააღმდეგ და ასევე ირანში აშშ-ისა და ისრაელის ომის გამო ნავთობის მსოფლიო ფასები მკვეთრად ზრდის პირობებში.
პაკისტანში შეკრებილმა ქვეყნებმა ვაშინგტონს ყურეში საზღვაო მიმოსვლასთან დაკავშირებული წინადადებები წარუდგინეს, - Reuters-ს ამ საკითხში ჩახედულმა ხუთმა წყარომ აცნობა.
ჰორმუზის სრუტის გავლით ადრე მსოფლიო ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის მეხუთედის ტრანსპორტირება ხდებოდა. ირანმა სრუტე გადაკეტა ომის დაწყების საპასუხოდ.
დარის თქმით, ყველა მხარემ გამოთქვა ნდობა პაკისტანის როლის მიმართ. მან დასძინა, რომ ინიციატივას ჩინეთიც "სრულად უჭერს მხარს".
პაკისტანმა, რომელიც თურქეთის მსგავსად ირანს ესაზღვრება, ისარგებლა თავისი მჭიდრო კავშირებით როგორც თეირანთან, ისე ვაშინგტონთან და კონფლიქტში მთავარ დიპლომატიურ არხად ჩამოყალიბდა, თუმცა ანკარამ და კაირომაც შეასრულეს თავიანთი როლი.
თურქული დიპლომატიური წყაროს განცხადებით, ანკარის პრიორიტეტი ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფა იყო.