ნეთანიაჰუმ სამხრეთ ლიბანში უსაფრთხოების ბუფერული ზონის გაფართოების განკარგულება გასცა

ისრაელის საჰაერო იერიში ბეირუთის სამხრეთში. 24 მარტი, 2026 წელი (საილუსტრაციო ფოტო)

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კვირას განაცხადა, რომ სამხედროებს სამხრეთ ლიბანში არსებული უსაფრთხოების ბუფერული ზონის შემდგომი გაფართოება დაავალა და პირობა დადო, რომ ძირეულად შეცვლის იქ უსაფრთხოების ვითარებას.

„ახლახან გავეცი განკარგულება უსაფრთხოების არსებული ბუფერული ზონის შემდგომი გაფართოების შესახებ. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ძირეულად შევცვალოთ ვითარება ჩრდილოეთში“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ “ჩრდილოეთის სარდლობის” ვიდეოგანცხადებაში.

მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზანია ისრაელის უსაფრთხოების განმტკიცება ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ - მიმდინარე დაძაბულობის ფონზე, - სადაც საზღვრისპირა საომარი მოქმედებები უფრო ფართო რეგიონული ესკალაციის შიშს იწვევს.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ომის დაწყებიდან 1238 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 124 ბავშვი.

სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა შორისაა ასევე 52 სამედიცინო მუშაკი და მაშველი, ხოლო 3 543 ადამიანი დაშავდა.

იმავე წყაროს ცნობით, მოკლულია სამი ჟურნალისტი, მათ შორის ჰეზბოლას ტელეარხ "ალ-მანარის" ცნობილი კორესპონდენტი, რომელიც 28 მარტს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში დაიღუპა.

ლიბანის არმიამ განაცხადა, რომ მისი შვიდი ჯარისკაცი დაიღუპა.

ჰეზბოლას თავისი დანაკარგების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ასევე ნახეთ ირანმა აშშ გააფრთხილა საპასუხო დარტყმებით, თუ ვაშინგტონი სახმელეთო ოპერაციას წამოიწყებს მაშინ, როცა პაკისტანში მოლაპარაკება დაიგეგმა