პაკისტანის, საუდის არაბეთის, თურქეთისა და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ისლამაბადში დაიგეგმა, რათა განეხილათ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის და ისრაელის ერთთვიანი ომის შეჩერების გზები.
ირანში ომმა ათასობით ადამიანი იმსხვერპლა და მთელ მსოფლიოში ენერგორესურსების მიწოდებაში ისტორიაში ყველაზე დიდი შეფერხება გამოიწვია.
ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამად ბაქერ ყალიბაფმა აშშ დაადანაშაულა, რომ შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ სიგნალებს აგზავნის, მაგრამ ფარულად გეგმავს სახმელეთო ძალების შეყვანას. ყალიბაფმა დასძინა, რომ ირანი მზად არის პასუხი გასცეს თუ აშშ-ის ჯარები ირანის ტერიტორიაზე შევლენ.
"სანამ ამერიკელები ირანის დანებებას მოითხოვენ, ჩვენი პასუხია, რომ არასდროს დავთანხმდებით დამცირებას", - განაცხადა მან ერისადმი მიმართვაში.
ომი, რომელიც 28 თებერვალს ირანზე აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო იერიშებით დაიწყო, მთელ ახლო აღმოსავლეთზე გავრცელდა. 28 მარტს ირანთან დაკავშირებულმა იემენელმა ჰუთებმა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ისრაელზე პირველი იერიშები განახორციელეს.
ეს იერიშები წარმოადგენს გლობალური საზღვაო ტრანსპორტისთვის პოტენციურ ახალ საფრთხეს. ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ ჩაკეტვასთან ერთად ახლა ჰუთებს შეუძლიათ გადაკეტონ საზღვაო ტრანსპორტისთვის მეორე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გზა - ბაბ-ელ-მანდების სრუტე, რომელიც სუეცის არხს და წითელ ზღვას ადენის ყურესთან აკავშირებს.
უფრო ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია მიაღწიოს თავის მიზნებს სახმელეთო ჯარების გარეშე, მაგრამ ის ძალებს რეგიონში ტრამპისთვის "მაქსიმალური" მოქნილობის მისაცემად განალაგებს.
პაკისტანში, ვაშინგტონისა და თეირანის შორის პოტენციური მედიატორ ქვეყანაში მოლაპარაკებები მას მერე დაიგეგმა, რაც პრემიერმინისტრი შეჰბაზ შარიფი ირანის პრეზიდენტს მასუდ ფეზეშქიანს ესაუბრა.
ოთხმხრივი კონსულტაციების წინ, კვირას ისლამაბადში პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისჰაკ დარმა, ცალ-ცალკე შეხვედრები გამართა თავის თურქ და ეგვიპტელ კოლეგებთან.
პარალელურად, სამხედრო დონეზე კონტაქტებიც მიმდინარეობს. განხილვების შესახებ ინფორმირებული წყაროს თქმით, პაკისტანის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ასიმ მუნირი, რეგულარულ კონტაქტშია აშშ-ის ვიცეპრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან.
ამ ფონზე ისრაელის სამხედრო ძალებმა ირანზე უწყვეტი საჰაერო იერიშები მიიტანეს. 29 მარტს მათ განაცხადეს, რომ მათმა ძალებმა წინა დღეს თეირანის იარაღის წარმოების ინფრასტრუქტურა, მათ შორის ათობით საწყობი და საწარმო დაბომბეს.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, სამხრეთში მდებარე პორტ ბანდარ-ე-ხამირში ნავმისადგომზე განხორციელებული იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, განადგურდა ორი გემი.
ისრაელმა ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ გააგრძელა იერიშები, რის შედეგადაც მედიის ავტომობილზე თავდასხმისას სამი ლიბანელი ჟურნალისტი და ერთი ლიბანელი ჯარისკაცი დაიღუპა, იმოწმებს ლიბანის ტელეკომპანია "ალ-მანარს" Reuters-ის სააგენტო.
ისრაელის სამხედროების განცხადებით, ერთ-ერთი ჟურნალისტი ჰეზბოლას სადაზვერვო ქვედანაყოფის წევრი იყო და მას ისრაელის ჯარისკაცების ადგილსამყოფლების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში დასდეს ბრალი. კვირას, დილით, მათ განაცხადეს, რომ ლიბანში ბრძოლის დროს მათი ერთ-ერთი ჯარისკაცი დაიღუპა.
ფორუმი