მეორე და მესამე მოსმენით ცვლილებებს საგადასახადო კოდექსში პარლამენტი კენჭს ხვალ, 1 აპრილს, უყრის და, სავარაუდოდ, ხვალვე შევა ძალაში.
დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ხელაძემ განაცხადა, რომ ცვლილების მიზანია მოძველებული ავტომობილების რაოდენობის შემცირება, რათა გარემოს ზიანი არ მიადგეს.
მან თქვა ისიც, რომ კანონპროექტი ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნება. ცვლილებების ინიციირებას საზოგადოებაში უკმაყოფილება მოჰყვა.
ასევე ნახეთ
6 წელზე ძველი ავტომობილების აკრძალვის ნაცვლად მათი განბაჟება გაძვირდებადღევანდელი კანონმდებლობით, საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლი განსაზღვრავს სხვადასხვა ასაკის ავტომობილების შემოყვანის ტარიფს.
ძრავის მოცულობის ყოველ ერთ კუბურ სანტიმეტრზე ტარიფი 80 თეთრიდან 2,4 ლარამდეა. ეს ტარიფები შემდეგნაირადაა დადგენილი:
- 1 წლამდე - 1,5 ლარი;
- 1 წლის - 1,5 ლარი;
- 2 წლის - 1,5 ლარი;
- 3 წლის - 1,4 ლარი;
- 4 წლის - 1,2 ლარი;
- 5 წლის - 1,0 ლარი;
- 6 წლის - 0,8 ლარი.
ცვლილებებით, 0-დან 6 წლამდე ავტომობილებისთვის საერთო განაკვეთი, 1,5 ლარი წესდება.
ცვლილება ფაქტობრივად არ ეხება 2 წლამდე ავტომობილებს, თუმცა ძვირდება 2-დან 6 წლამდე ავტომობილების განბაჟება.
მაგალითად:
როგორც რადიო თავისუფლება წერდა, - განბაჟება 3 წლის ავტომობილისა, რომლის ძრავის მოცულობაც 2000 კუბური სანტიმეტრია (2,0), აქამდე 2800 ლარი დაგიჯდებოდათ.
ცვლილებებით კი ეს ფასი 3000 ლარამდე იზრდება.
კვლავ 2,0 ძრავის მქონე ავტომობილის მაგალითზე:
- 4 წლის ავტომობილის შემთხვევაში, განბაჟების ძველი საფასურია 2400 ლარი, ცვლილებებით კი - 3000 ლარი.
- 5 წლის ავტომობილზე - 2000 ლარს 3000 ლარი ანაცვლებს;
- 6 წლის ავტომობილზე - 1600 ლარს 3000 ლარი ანაცვლებს.
გაძვირება აკრძალვის ნაცვლად
თავდაპირველად ხელისუფლება გეგმავდა 6 წელზე ძველი ავტომობილების შემოყვანის მთლიანად აკრძალვას, რამაც ავტომობილების მფლობელებსა და ინდუსტრიაში უკმაყოფილება გამოიწვია.
თუმცა 12 მარტს ცნობილი გახდა, რომ ამის ნაცვლად დაწესდება გაზრდილი საბაჟო საფასური 6 წელზე ძველი ავტომობილებისთვის.
განბაჟების საფასური კუბურ სანტიმეტრზე 4,5 ლარი დაწესდა.
„ეს გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ჰაერის სისუფთავეზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
6 წელზე ძველი ავტომობილის შემოყვანის ტარიფი კუბურ სანტიმეტრზე 0,8 ლარიდან 2,4 ლარამდე მერყეობდა, ასაკის მიხედვით.
ავტოინდუსტრიის წარმომადგენლები ცვლილებებს აკრიტიკებენ.
საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის ორგანიზებით არაერთი აქცია გაიმართა სხვადასხვა ადგილას, თუმცა უშედეგოდ.