ერაყში გაიტაცეს ამერიკელი ჟურნალისტი შელი კიტლსონი

ამერიკელი ჟურნალისტი შელი კიტლსონი ერაყის დედაქალაქ ბაღდადში. 31 მარტი, 2026.

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში გაიტაცეს ამერიკელი ჟურნალისტი ქალი შელი კიტლსონი. ის წლებია აშუქებს შეიარაღებულ კონფლიქტებს ერაყში, ავღანეთსა და სირიაში.

ინფორმაცია შელი კიტლსონის გატაცების შესახებ 31 მარტს გაავრცელა ამერიკულმა გამოცემა Al-Monitor-მა, რომელთანაც ჟურნალისტი თანამშრომლობს.

ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, კიტლსონის გასათავისუფლებლად ოპერაცია დაუყოვნებლივ დაიწყო, სავარაუდო გამტაცებლების ავტომობილების დევნისას ერთი ამოტრიალდა, თუმცა თავად ჟურნალისტი ამ ავტომანქანაში არ აღმოჩნდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ერაყელი სამართალდამცავების მიერ დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი, რომელსაც კავშირი აქვს დაჯგუფება „კატაიბ ჰეზბოლასთან“.

„კატაიბ ჰეზბოლა" შიიტების გასამხედროებული, პროირანული დაჯგუფებაა.

ასევე ნახეთ

ირანის უზენაეს ლიდერად არჩეული აიათოლა ერაყის ხალხსა და რელიგიურ ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს გატაცებულის ვინაობა არ დაუკონკრეტებია. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დილან ჯონსონმა სოციალურ ქსელ X-ში თავის გვერდზე დაწერა, რომ გატაცებამდე სახელმწიფო დეპარტამენტმა თავისი ვალდებულება შეასრულა და ეს ადამიანი გააფრთხილა, რომ ერაყში საფრთხე ემუქრებოდა.

ჯონსონის თანახმად, გატაცებულის გასათავისუფლებლად კოორდინირებულად მოქმედებენ ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან ერთად.

ტელეკომპანია CNN-ის ანალიტიკოსმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ალექს პლიტსასმა ტელეარხ CBS-ს დაუდასტურა, რომ შელი კიტლსონი მართლაც გააფრთხილეს, რომ ერაყში საფრთხე ემუქრებოდა. არსებული ცნობებით „კატაიბ ჰეზბოლა“ ქალი ჟურნალისტების მკვლელობას გეგმავდა.

CBS-ს კიდევ ერთმა წყარომ დაუდასტურა, რომ კიტლსონი გაფრთხილებული იყო, თუმცა ინფორმაცია სანდოდ არ ჩათვალა. ერაყის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ჟურნალისტის გასათავისუფლებლად „უმაღლეს დონეზე" მუშაობენ.

  • ბაღდადში ადამიანების გატაცების შემთხვევები ხშირი იყო, თუმცა ბოლო წლებში მსგავსი ინციდენტები შემცირდა ერაყში უსაფრთხოების ვითარების გაუმჯობესებასთან ერთად.