გაერო ისრაელის ახალ კანონს სიკვდილით დასჯის შესახებ საერთაშორისო სამართლის დარღვევად მიიჩნევს

ისრაელის პარლამენტში, ქნესეთში, ახალი კანონის მიღების შემდეგ. უშიშროების მინისტრი, ულტრამემარჯვენე ბენ-გვირი ზეიმობს კანონის მიღებას, რომელზეც გაერომ განაცხადა, რომ ის "ღრმად დისკრიმინაციულია და დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს".

გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესმა კომისარმა ისრაელს მოუწოდა, გააუქმოს კანონი, რომელიც სამხედრო სასამართლოების მიერ სასიკვდილო თავდასხმებში დამნაშავედ ცნობილი პალესტინელებისთვის ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას ჩამოხრჩობით, როგორც სტანდარტულ სასჯელს.

მისი თქმით, ეს კანონმდებლობა საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს არღვევს.

"ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს სამართლიანი სასამართლოს პროცესის დარღვევებთან დაკავშირებით, ღრმად დისკრიმინაციულია და დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს", — განაცხადა ფოლკერ ტურკმა ჟურნალისტებისთვის გაგზავნილ განცხადებაში.

მისი თქმით, კანონი, რომელიც პარლამენტმა 31 მარტს მიიღო, არ შეესაბამება ისრაელის სამართლებრივ ვალდებულებებს, რაც ითვალისწინებს შეწყალების შესაძლებლობას და სიკვდილით დასჯის განხორციელებისთვის დაწესებულ 90-დღიან ვადას.

ევროკავშირმაც “სერიოზული შეშფოთება გამოთქვა” ისრაელის ახალი კანონის გამო და მას “უკან გადადგმული ნაბიჯი” უწოდა.

ისრაელის ახალი კანონი დაგმო არაერთმა სახელმწიფომ. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა მას უწოდა “ნაბიჯი აპარტეიდისკენ”.

კანადის განცხადებით, ეს დისკრიმინაციული კანონი იმ ქმედებათა მზარდ სიას ემატება, რომელიც უკანონო დასახლებების მცხოვრებლების მხრიდან ძალადობას უწყობს ხელს და პალესტინელი ხალხის მიმართ არაადამიანური მოპყრობაა. კანადა ამ კანონის გამოყენებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ანანდმა.

ისრაელის პარლამენტმა 31 მარტს სასიკვდილო თავდასხმებისთვის სამხედრო სასამართლოების მიერ დამნაშავედ ცნობილი პალესტინელებისთვის ჩამოხრჩობით სიკვდილით დასჯა დააწესა.

ასევე ნახეთ

ესპანეთის პრემიერი ისრაელში მიღებულ სიკვდილით დასჯის კანონს უწოდებს "აპარტეიდისკენ გადადგმულ ნაბიჯს"