Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის პრემიერი ისრაელში მიღებულ სიკვდილით დასჯის კანონს უწოდებს "აპარტეიდისკენ გადადგმულ ნაბიჯს"

პედრო სანჩესი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი
პედრო სანჩესი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა დაგმო და "აპარტეიდისკენ გადადგმული ნაბიჯი" უწოდა ორშაბათს ისრაელის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც სიკვდილით დასჯის განაჩენს აწესებს სამხედრო ტრიბუნალების მიერ სისხლიანი თავდასხმების გამო მსჯავრდადებული პალესტინელებისთვის.

"ეს არის ასიმეტრიული ნაბიჯი, რომელიც არ შეეხება ამავე დანაშაულის ჩამდენ ისრაელელებს. იგივე დანაშაული, განსხვავებული სასჯელი. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი აპარტეიდისკენ. მსოფლიო არ შეიძლება ამას გაჩუმებული შეხვდეს", - წერს სანჩესი პლატფორმა X-ზე 31 მარტს.

აპარტეიდი იყო რასობრივი სეგრეგაციის სისტემა, რომელსაც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ამუშავებდა სამხრეთ აფრიკის უმცირესობის, თეთრკანიანთა მთავრობა.

ესპანეთს დიპლომატიური დაძაბულობა აქვს ისრაელთან, მადრიდის მხრიდან ისრაელის მთავრობის მწვავე კრიტიკის გამო 2023-2025 წლების ღაზის ომში - რომელსაც მადრიდი გენოციდად მიიჩნევს. ისრაელის ოფიციალურმა პირებმა ესპანეთის პოზიციას რამდენჯერმე უწოდეს ანტისემიტური. დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა მიმდინარე თვეში - მას მერე, რაც ესპანეთმა წინააღმდეგობა გაუწია აშშ-ისრაელის თავდასხმებს ირანზე, რის გამოც მადრიდმა 11 მარტს ისრაელში თავისი ელჩი სამუდამოდ გამოიხმო.

ისრაელის პარლამენტმა 30 მარტს დაამტკიცა კანონი, რომელიც სასჯელად ჩამოხრჩობით სიკვდილს აწესებს სამხედრო ტრიბუნალების მიერ სისხლიანი თავდასხმების გამო მსჯავრდადებული პალესტინელებისთვის - რითაც შეასრულა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ულტრამემარჯვენე მოკავშირეების მიერ დადებული პირობა, იუწყება სააგენტო Reuters-ი.

ამ ახალი კანონის კრიტიკოსების თანახმად, ენა, რომლითაც ის ფორმულირებულია, ფაქტობრივად განსაზღვრავს, რომ სიკვდილით დასჯა შეიძლება შეეხოს მხოლოდ ქვეყნის მოსახლეობის 20 პროცენტს, არაბებს, რომელთაგან ბევრი თავს პალესტინელად მიიჩნევს - და არა ებრაელ მოქალაქეებს.

მანამდე ევროპულმა კომისიამ "ძალიან შემაშფოთებელი" უწოდა ისრაელის ამ კანონს და განაცხადა, რომ ესაა "მკაფიო უკან გადადგმული ნაბიჯი" დემოკრატიულ პრინციპებთან მიმართებით.

ისრაელმა მკვლელობისთვის სიკვდილით დასჯა 1954 წელს გააუქმა. ერთადერთი პირი, რომელიც 1962 წელს, სამოქალაქო სასამართლოს შემდეგ ისრაელში სიკვდილით დასაჯეს, იყო ადოლფ აიხმანი - ნაცისტების ჰოლოკოსტის ერთ-ერთი შემოქმედი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG