გენერალმა რენდი ჯორჯმა დატოვა აშშ-ის არმიის შტაბის უფროსის თანამდებობა

გენერალი რენდი ჯორჯი აშშ-ის არმიის შტაბს 2023 წლიდან ხელმძღვანელობდა

აშშ-ის არმიის შტაბის უფროსის თანამდებობა დატოვა გენერალმა რენდი ჯორჯმა.

პენტაგონის მიერ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებამდე ამერიკული მედია წერდა, რომ გენერალ რენდი ჯორჯს გადადგომა მოსთხოვა თავდაცვის მინისტრმა(ომის მინისტრი) პიტ ჰეგსეთმა.

  • შეერთებული შტატების არმიის შტაბის უფროსი ოთხი წლის ვადით ინიშნება პრეზიდენტის წარდგინებით და სენატის თანხმობით.
  • რენდი ჯორჯი შტაბის უფროსად 2023 წელს წარადგინა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. გენერალმა ჯორჯმა თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა 2023 წლის სექტემბერში.
  • 61 წლის რენდი ჯორჯმა არმიის შტაბის უფროსის თანამდებობა დატოვა იმ დროს, როცა აშშ სამხედრო ოპერაციას ატარებს ირანის წინააღმდეგ.

2 აპრილს ღამით პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ პარნელმა სოციალურ ქსელ X-ში ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ გენერალი რენდი ჯორჯი ტოვებს არმიის შტაბის 41-ე უფროსის თანამდებობას და მას მადლობას უხდიან ქვეყნის სამსახურისთვის.

პენტაგონს გენერალ რენდი ჯორჯის გადადგომის მიზეზი არ დაუსახელებია.

2 აპრილს ტელეკომპანია CBS News-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა რენდი ჯორჯს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ დატოვოს არმიის შტაბის უფროსის თანამდებობა.

ერთ-ერთი წყაროს თანახმად, ჰეგსეთს სურს შტაბის ისეთი უფროსი, რომელიც პრაქტიკულად განახორციელებს ტრამპის ადმინისტრაციის ხედვებს არმიასთან დაკავშირებით.

აშშ-ის არმიის შტაბის უფროსის პოსტი პენტაგონის სტრუქტურაში არსებული ადმინისტრაციული თანამდებობაა. შტაბის უფროსი მეთვალყურეობას უწევს არმიის ქვედანაყოფებს და არ ახორციელებს შეიარაღებული ძალების ოპერატიულ ხელმძღვანელობას. ამერიკულ არმიას შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტი მართავს.

ასევე ნახეთ

ტრამპმა დაითხოვა არმიის შტაბების მეთაურთა კომიტეტის ხელმძღვანელი და კიდევ 5 თანამდებობის პირი
  • რენდი ჯორჯი, რომელიც ყველაზე პრესტიჟული ამერიკული სამხედრო აკადემიის, უესტ-პოინტის კურსდამთავრებულია, შეერთებული შტატების არმიაში მსახურობს 1980-იანი წლებიდან. მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში ერაყსა და ავღანეთში.

გენერალ რენდი ჯორჯის გადადგომის შემდეგ არმიის შტაბის უფროსის მოვალეობას შეასრულებს გენერალი ქრისტოფერ ლა ნივი, რომელიც მანამდე მინისტრ პიტ ჰეგსეთის უფროსი თანაშემწე იყო.

ასევე ნახეთ

ტრამპმა აშშ-ის გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გაათავისუფლა