„მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე“ - კალაძე უფასო სასადილოებში თანხის დაუფლების საქმეს ეხმაურება

თბილისის მერი, კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს და ამბობს, რომ ის სხვის დანაშაულზე პასუხისმგებელი არ არის.

„მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე, თუ ვინმეს აქვს დანაშაული ჩადენილი, ან მომავალში გაბედავს, კანონის წინაშე აგებს პასუხს. დღეს ისეთი მოცემულობაა, შეიძლება, საკუთარ შვილზე ვერ აიღო პასუხისმგებლობა. დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება. უწყებებს აქვთ შესაბამისი მიმართულება. ყველა ვალდებულია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს“, - ასე უპასუხა მან ჟურნალისტებს.

2 აპრილს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება ხუთ ადამიანს, რომლებსაც ბრალი ედებათ დედაქალაქის უფასო სასადილოებიდან 3,5 მილიონ ლარზე მეტი თანხის მითვისებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საუბარია 14,5 ათასამდე ბენეფიციარისთვის 2023-2026 წლებში გაფორმებული 12 ხელშეკრულების ფარგლებში მომსახურებას.

ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებმა შპს Aladashvili & co-ს მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოებით მომსახურება დაუკვეთა, რაშიც გათვალისწინებული იყო 26 513 573 ლარის გადახდა. კომპანიას დაკვეთა 22 სასადილოთი უნდა შეესრულებინა, საიდანაც ოთხი ქვეკონტრაქტორებს: შპს „გიდს“, შპს „ბადეს“ და შპს „ალიონს“ გადასცა.

„პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, გამგეობებიდან მიღებული 18 909 104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 3 529 000 ლარს“, - განაცხადეს 2 აპრილს სუსში.

ასევე ნახეთ

უფასო სასადილოებიდან 3,5 მლნ ლარის თანხას თაღლითურად 5 პირი დაეუფლა - აცხადებენ სუსში

კახა კალაძე ამბობს, რომ გამოძიება „ყველაფერს დაადგენს“. ის ასევე განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები უფასო სასადილოებს სანიტარული კუთხით აფასებენ, დანარჩენ საკითხებს კონტრაქტორი კომპანიები კურირებენ.

„დედაქალაქში 64 უფასო სასადილო გვაქვს. დანაშაულში კონკრეტული კომპანიები გამოვლინდა. პროდუქციის მიღება-ჩაბარება, ბენეფიციართა აღრიცხვა და სხვ. სწორედ კონტრაქტორ კომპანიას ევალება. ეს ხელშეკრულებაშია გაწერილი. თუ გამგეობის თანამშრომლები იყვნენ დანაშაულში შემჩნეულნი, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა - დააკავებდნენ მათ. თუ კონკრეტული კომპანია ან მისი ქვეკონტრაქტორია დამნაშავე, ამას გამოძიება დაადგენს“, - ამბობს კახა კალაძე.

სახალხო დამცველი 2025 წლის ანგარიშში წერს, რომ ქვეყანაში კვლავ არ არსებობს უფასო სასადილოების სერვისის მართვისა და მიწოდების ერთიანი სტანდარტი.

ომბუდსმენი ამბობს, რომ სასადილოებზე გამოყოფილი თანხის ოდენობის სიმცირე განსაკუთრებით თვალში საცემია თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, სადაც თითო ბენეფიციარზე გამოყოფილი თანხა 1,7 ლარია, ხოლო სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ერთ ბენეფიციარზე გამოყოფილი თანხის ოდენობა 2,4 ლარიდან 4,7 ლარამდე მერყეობს.