Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფასო სასადილოებიდან 3,5 მლნ ლარის თანხას თაღლითურად 5 პირი დაეუფლა - აცხადებენ სუსში

კომპანიები ჯამში 14,5 ათასამდე ბენეფიციარს ემსახურებოდნენ.
კომპანიები ჯამში 14,5 ათასამდე ბენეფიციარს ემსახურებოდნენ.

6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება ხუთ ადამიანს, რომლებსაც ბრალი ედებათ დედაქალაქის უფასო სასადილოებიდან 3,5 მილიონ ლარზე მეტი თანხის მითვისება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საუბარია 14,5 ათასამდე ბენეფიციარისთვის 2023-2026 წლებში გაფორმებულ 12 ხელშეკრულების ფარგლებში მომსახურებას.

ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებმა შპს Aladashvili & co-ს მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოებით მომსახურება დაუკვეთა, რაშიც გათვალისწინებული იყო 26 513 573 ლარის გადახდა. კომპანიას დაკვეთა 22 სასადილოთი უნდა შეესრულებინა, საიდანაც ოთხი ქვეკონტრაქტორებს: შპს „გიდს“, შპს „ბადეს“ და შპს „ალიონს“ გადასცა.

„პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, გამგეობებიდან მიღებული 18 909 104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 3 529 000 ლარს“, - აცხადებენ სუსში.

  • მათივე ცნობით, დაკავებულები არიან კომპანიების დირექტორები და ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომელი.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა) და 25, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ (თაღლითობის მცდელობა) ქვეპუნქტებით.

უფასო სასადილოები საქართველოში:

სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით:

  • ქვეყანაში კვლავ არ არსებობს უფასო სასადილოების სერვისის მართვისა და მიწოდების ერთიანი სტანდარტი;
  • საკვების ოდენობა, კალორაჟი, ინფრასტრუქტურული და ჰიგიენური მოთხოვნები, თითოეულ მუნიციპალიტეტში განსხვავებული წესით არის ჩამოყალიბებული;
  • მენიუ დამოკიდებულია მხოლოდ ბიუჯეტზე, ენერგეტიკული ღირებულება და ჯანმრთელობის ან ასაკობრივი ფაქტორები უგულებელყოფილია.
  • სასადილოებზე გამოყოფილი თანხის ოდენობის სიმცირე განსაკუთრებით თვალში საცემია თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, სადაც თითო ბენეფიციარზე გამოყოფილი თანხა 1,7 ლარია, ხოლო სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ერთ ბენეფიციარზე გამოყოფილი თანხის ოდენობა 2,4 ლარიდან 4,7 ლარამდე მერყეობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG