ირანში მეორე დღეა, ეძებენ აშშ-ის თვითმფრინავის პილოტს

პენტაგონს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია თვითმფრინავის დაკარგვაზე, თუმცა თეთრ სახლში არ უარყოფენ ცნობას, რომ ხომალდი ჩამოაგდეს.

ირანში უკვე მეორე დღეა, გრძელდება აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავის, F-15E-ის ტიპის გამანადგურებლის, პილოტის ძებნა. თვითმფრინავი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში ჩამოაგდეს.

ხომალდის ეკიპაჟი ორი პირისგან შედგებოდა. ერთ-ერთი პილოტის გადარჩენა და ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილას გადაყვანა მოხერხდა აშშ-ის სამხედროების ოპერაციის შედეგად, მეორე მფრინავს კვლავაც ეძებენ. ირანის ხელისუფლებამ ადგილობრივ მოსახლეობას ძიების პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა და ანაზღაურებას დაჰპირდა.

პენტაგონს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია თვითმფრინავის დაკარგვაზე, თუმცა თეთრ სახლში არ უარყოფენ ცნობას, რომ ხომალდი ჩამოაგდეს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-სთან ინტერვიუში თქვა, რომ მომხდარი არ იქონიებს გავლენას აშშ-ის პოზიციაზე ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში. მედიაში ვრცელდება მოსაზრება, რომ პილოტის ირანის ხელისუფლების ტყვეობაში აღმოჩენა აშშ-ს გაურთულებს საბრძოლო მოქმედებების განხორციელებას.

მიმდინარე საბრძოლო კამპანიისას აშშ-მა უკვე რამდენიმე თვითმფრინავი დაკარგა, მათ შორის, "მეგობრული ცეცხლის" შედეგად, თუმცა ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ხომალდი მოწინააღმდეგემ ხმელეთიდან გახსნილი ცეცხლით ჩამოაგდო.

ასევე ნახეთ

WP: ირანმა აშშ-ის მეორე თვითმფრინავი ჩამოაგდო

აშშ-მა და ისრაელმა პარასკევს საღამოს და შაბათს გააგრძელეს დარტყმები ირანის სამიზნეებზე. ისრაელმა იერიშები განახორციელა ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებზე. ირანის ხელისუფლება იუწყება კიდევ ერთ დარტყმაზე ბუშერის ატომურ ელექტროსადგურთან და მცველის დაღუპვაზე. აშშ-ს და ისრაელს ამ ცნობაზე განცხადება არ გაუვრცელებიათ, დამოუკიდებლად ინფორმაციის გადამოწმება არ ხერხდება.

ირანმა რაკეტებით და დრონებით მიიტანა იერიშები მეზობელ ქვეყნებზე. დარტყმა განხორციელდა ქუვეითის ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოზე, აბუ-დაბიში ირანის თავდასხმის შემდეგ ეგვიპტის მოქალაქე დაიღუპა, დაჭრილია 12 პირი.

სააგენტო Reuters-ი ამერიკის დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით 4 აპრილს იუწყება, რომ ირანი, სავარაუდოდ, ახლო მომავალში არ გახსნის ჰორმუზის სრუტეს ხომალდების თავისუფალი გადაადგილებისთვის, რადგან ამ სრუტეზე კონტროლი თეირანისთვის არის ერთადერთი რეალური ბერკეტი აშშ-ზე გავლენის მოსახდენად. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანისგან სრუტის გახსნას მოითხოვს, თუმცა ამავდროულად, იგი უშვებს შესაძლებლობას, რომ ირანის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია სრუტის გახსნაზე თანხმობის გარეშეც დასრულდეს. ამ შემთხვევაში, ტრამპის თქმით, ჰორმუზის სრუტეში ხომალდების მოძრაობის საკითხის გადაწყვეტა იმ ქვეყნებმა უნდა იკისრონ, რომლებიც ამით ყველაზე მეტად არიან დაინტერესებული.

ჰორმუზის სრუტე მნიშვნელოვანია მსოფლიო ბაზარზე ენერგომატარებლების მისაწოდებლად, ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა ნავთობის ფასი.

ასევე ნახეთ

აშშ-ის ძალებმა ირანში ჩამოგდებული F-15-ის ეკიპაჟის მეორე წევრიც გადაარჩინეს - ლაივბლოგი

ასევე ნახეთ

Tasnim: ირანმა ჰორმუზის სრუტით თავის პორტებში შეუშვა აუცილებელი საჭიროების საქონელი