"ხომ გახსოვთ, ირანს ათი დღე მივეცი შეთანხმების დასადებად ან ჰორმუზის სრუტის გასახსნელად. დრო იწურება - 48 საათი დარჩა მანამ, სანამ მათ ჯოჯოხეთი დაატყდებათ თავს. დიდება ღმერთს!" - წერს ტრამპი თავის პლატფორმაზე Truth Social.
მისი განცხადების ფონია აშშ-ის ძალების მხრიდან F-15E-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავის პილოტის ძებნის ოპერაცია - თვითმფრინავი ერთი დღით ადრე ირანის თავზე ჩამოაგდეს. ეკიპაჟის ერთი წევრი გადარჩენილია, აცხადებენ აშშ-ის წარმომადგენლები.
ტრამპს ირანისთვის აქამდეც დაუწესებია ბოლო ვადები შეთანხმების დასადებად, ან ჰორმუზის სრუტის გასახსნელად. ამ სრუტეზე გადის ნავთობისა და ბუნებრივი აირის გლობალური მარაგის დაახლოებით 20 პროცენტი. თეირანმა სრუტე ფაქტობრივად დახურა, რასაც მსოფლიოში ენერგეტიკის კრიზისი მოჰყვა.
სააგენტო Reuters-ი ამერიკის დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით 4 აპრილს იუწყება, რომ ირანი, სავარაუდოდ, ახლო მომავალში არ გახსნის ჰორმუზის სრუტეს ხომალდების თავისუფალი გადაადგილებისთვის, რადგან ამ სრუტეზე კონტროლი თეირანისთვის არის ერთადერთი რეალური ბერკეტი აშშ-ზე გავლენის მოსახდენად.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანისგან სრუტის გახსნას მოითხოვს, თუმცა ამავდროულად, იგი უშვებს შესაძლებლობას, რომ ირანის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია სრუტის გახსნაზე თანხმობის გარეშეც დასრულდეს. ამ შემთხვევაში, ტრამპის თქმით, ჰორმუზის სრუტეში ხომალდების მოძრაობის საკითხის გადაწყვეტა იმ ქვეყნებმა უნდა იკისრონ, რომლებიც ამით ყველაზე მეტად არიან დაინტერესებული.