მოკლედ
- შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დაკავებულია სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფის ფაქტზე ადმინისტრაციული წესით.
- ეს არის 173-ე მუხლი, რომელიც ისჯება ფულადი ჯარიმით ან 60 დღემდე პატიმრობით.
- შსს-ს განცხადებაში არ არის განმარტებული როდის და რა ფორმით მოხდა პოლიციელის შეურაცხყოფის ფაქტი, ნათქვამია მხოლოდ ის, რომ სადიგოვი დაკავებულია "სასამართლოში წარდგენისა და საქმის დროულად განხილვის მიზნით."
- აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავების შესახებ ცნობები 4 აპრილის ღამეს ცოლმა და ადვოკატმა გაავრცელეს. ცოლის თქმით, სადიგოვი დაკავებისას სცემეს, შსს ცემის ფაქტს უარყოფს.
"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აფგან სადიგოვი 62-ჯერ იქნა გამოვლენილი სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, მათ შორის შეკრება-მანიფესტაციის წესების დარღვევაზე, რისთვისაც მას ორჯერ უკვე მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა" - წერია შსს-ს განცხადებაში.
აფგან სადიგოვი ანტისამთავრობო აქციების აქტიური მონაწილეა, ის 2025 წელს ორჯერ იყო დაკავებული აქციებზე გზის გადაკეტვის საბაბით.
ის ასევე დაკავებული იყო 2024 წლის გაზაფხულზე - წინასაექსტრადიციო პატიმრობას და მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ის აზერბაიჯანიდან დაკვეთილ დევნად მიიჩნევდა და ციხეში ყოფნისას 141 დღის განმავლობაში შიმშილობდა.