Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში დააკავეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი

მოკლედ

  • აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის დაკავების შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი, თამთა მიქელაძე ავრცელებს.
  • მიქელაძის ცნობით, სადიგოვი 4 აპრილის ღამის 10-დან 11 საათამდე დააკავეს. მისთვის უცნობია, რა საქმეზეა ის დაკავებული.
  • პროკურატურაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მათ ჟურნალისტის წინააღმდეგ არანაირი მიმდინარე გამოძიება არ აქვთ.
  • რადიო თავისუფლება ცდილობს, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღოს პასუხი, რა გახდა ჟურნალისტის დაკავების მიზეზი.
  • სადიგოვის ადვოკატებს მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია ცოლისგან აქვთ, რომელმაც ბინასთან დაყენებულ კამერებში ნახა პოლიციელები მათ კართან.

"ძალიან მაღალია რისკი, რომ ის შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის დარღვევის საფუძველზე, რეპრესიული და ანტიდემოკრატიული ნორმების გამოყენებით, სისხლის სამართლებრივი წესით დააკავეს" - წერს თამთა მიქელაძე, სადიგოვის ადვოკატი.

განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 აპრილს, 00:11 წუთზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სადიგოვი დააკავეს სოციალურ ქსელში პოლიციელისთვის შეურაცხყოფის გამო, ადმინისტრაციული წესით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სადიგოვის დაკავების ფაქტს ადასტურებს, უარყოფს ცოლის გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადეს, თუმცა არ ამბობს, რა გახდა მისი დაკავების საფუძველი.

აფგან სადიგოვი ანტისამთავრობო აქციების აქტიური მონაწილეა, ის 2025 წელს ორჯერ იყო დაკავებული აქციებზე გზის გადაკეტვის საბაბით.

ის ასევე დაკავებული იყო 2024 წლის გაზაფხულზე - წინასაექტრადაციო პატიმრობას და მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ის აზერბაიჯანიდან დაკვეთილ დევნად მიიჩნევდა და ციხეში ყოფნისას 141 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

"გუშინ სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აფგან სადიგოვს მოუხსნა გირაოს ღონისძიება და გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. ამის საფუძველი თავად აზერბაიჯანის მიერ 1 აპრილს აფგან სადიგოვის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა გახდა. საინტერესოა, რომ ეს გადაწყვეტილება აზერბაიჯანმა არ მიიღო მაშინაც კი, როდესაც ამის შესაძლებლობა თავად სტრასბურგის სასამართლომ მისცა მეგობრული მორიგების ფარგლებში" - წერს თამთა მიქელაძე, სადიგოვის ადვოკატი და აღნიშნავს, რომ მისი უფლებადამცველებისთვის უცნობია სადიგოვის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი.

ადვოკატებმა ინფორმაცია სადიგოვის დაკავების შესახებ მისი ცოლისგან გაიგეს, რომელიც შვილებთან ერთად ერთ-ერთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში ცხოვრობს - მან ქმრის ბინასთან დაყენებულ კამერებში შენიშნა პოლიციელები, რომლებიც მათ ბინაში შესვლას ცდილობდნენ. კამერების ჩანაწერების მიხედვით, პოლიციელები სახლში შედიან მას შემდეგ, რაც მაშველების დახმარება გამოიყენეს და ბინის კარი შეამტრიეს. კამერის ჩანაწერები დაკავების მომენტს არ ასახავს - ადვოკატის აღწერით, ბინაში პოლიციის შესვლის შემდეგ კამერები მალევე ითიშება. ცოლი ამბობს, რომ კამერების ჩანაწერები პოლიციამ წაშალა, თუმცა მან ფრაგმენტების დაარქივება მოასწრო.

სადიგოვის ცოლის თქმით, დაკავებისას პოლიციამ სადიგოვზე ფიზიკურადაც იძალადა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG