ოდესაზე დრონებით შეტევის შედეგად დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია - ქალაქის ადმინისტრაცია

ოდესაზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად დაზიანებული სახლი. 2026 წლის 6 აპრილი

სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა უკრაინის ქალაქ ოდესაზე რუსეთის ჯარების მასირებული შეტევის შედეგად.

განახლებული ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ 6 აპრილს, დილის რვა საათისთვის გამოქვეყნდა ოდესის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერჰი ლისაკის ტელეგრამ-არხზე. მანამდე, გამთენიისას ცნობილი იყო, რომ რუსული დრონებით შეტევის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა და სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს ერთ-ერთ ნაწილობრივ დანგრეულ სახლში.

ლისაკის ინფორმაციით, სამი დაღუპულიდან ერთი ბავშვია. ათი დაშავებულიდან ორის მდგომარეობა მძიმეა.

ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობითვე, ოდესის პრიმორსკის რაიონში დაზიანებულია ერთი მრავალსართულიანი და შვიდი კერძო სახლი, ხოლო კიევის რაიონში ერთი მრავალსართულიანი და ხუთი კერძო სახლი, სკოლამდელი დაწესებულება და მაღაზია.

განახლება: დილის ათი საათისთვის ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ლისაკმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ახალი ცნობა, რომ დაშავებულია 15 ადამიანი, მათ შორის ორსული და ორი ბავშვი. სამ დაღუპულს შორის არიან დედა-შვილი, 30 წლის ქალი და ორი წლის გოგო.

ასევე ნახეთ

უკრაინაში ოდესა, რუსეთში ნოვოროსიისკი - გასულ ღამით დრონებით მორიგი შეტევა იყო

უკრაინის კერძო ენერგოკომპანია ДТЕК-ის ცნობით, ოდესის ოლქში დარტყმის ერთ-ერთი სამიზნე იყო კომპანიის ენერგოობიექტი. მისი დაზიანების შედეგად ქალაქ ოდესაში ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 16 000-ზე მეტ აბონენტს.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა ენერგოობიექტს დაარტყეს ჩერნიგოვის ოლქშიც. 6 აპრილის დილის მდგომარეობით, რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ ჩერნიგოვში და ოლქის სამ რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვს 340 000-ს აბონენტს.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ 6 აპრილს დილით განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 141 დრონით. კიევის დროით დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო 114 რუსული დრონის მოგერიება, 26-თ პირდაპირი დარტყმა 17 ადგილზე და ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენა 13-ზე.