რუსეთის ჯარებმა გასულ ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაზე.
ოდესის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერჰი ლისაკის ტელეგრამ-არხზე 6 აპრილს გამთენიისას გამოქვეყნებული ინფორმაციით, დანგრეულია მრავალბინიანი სახლის ნაწილი მესამიდან მეხუთე სართულის ჩათვლით. გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.
ლისაკის ცნობითვე, დაზიანებულია რამდენიმე კერძო სახლიც. ჰოსპიტალიზებულია ხუთი დაშავებული.
განახლება: დილის რვა საათისთვის ლისაკის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა განახლებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ოდესაში დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ბავშვი. დაშავდა 10, რომელთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ოდესის პრიმორსკის რაიონში დაზიანებულია ერთი მრავალსართულიანი და შვიდი კერძო სახლი, ხოლი კიევის რაიონში - ერთი მრავალსართულიანი და ხუთი კერძო სახლი, სკოლამდელი დაწესებულება და მაღაზია.
გასულ ღამით დრონებით შეტევა იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ნოვოროსიისკზე, სადაც შავ ზღვაზე რუსეთის უმსხვილესი პორტი და შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ბაზა მდებარეობს.
კრასნოდარის მხარის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობით, დაზიანებულია 6 მრავალბინიანი და 2 კერძო სახლი, დაიჭრა 8 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.
გუბერნატორის თანახმად, უკრაინული დრონების „ნამსხვრევები აღმოჩენილია რამდენიმე საწარმოს ტერიტორიაზე“. კონდრატიევს კონკრეტული საწარმოები ან მათთვის მიყენებული ზიანი არ დაუკონკრეტებია.
რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული გამოცემა ASTRA თვითმხილველთა მიერ გადაღებული ვიდეოს ანალიზის საფუძველზე წერს, რომ ნოვოროსიისკში შეტევა იყო ნავთობის გადატვირთვის კომპლექს „შესხარისზე“, რომელიც რუსეთის სამხრეთში ამ ტიპის უმსხვილესი ობიექტია. ის უზრუნველყოფს ნავთობის და ნავთობპროდუქტების მიღებას, შენახვას და საექსპორტოდ ტანკერებზე გადატვირთვას.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა „შესხარისს“ 2026 წლის მარტის დასაწყისშიც დაარტყეს.
- უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ და სამხედრო დანიშნულების ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.
- რუსეთი ამ შეტევებს „ტერორისტულს" უწოდებს, უკრაინა კი - „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.
ფორუმი