რუსეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გენერალ ოტროშჩენკოს სიკვდილი

რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის შერეული საავიაციო კორპუსის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრ ოტროშჩენკო(ფოტო არქივიდან)

რუსეთის ხელისუფლებამ ანექსირებულ ყირიმში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავ ან-26-ის კატასტროფიდან ერთი კვირის შემდეგ დაადასტურა, რომ დაღუპულ სამხედროებს შორის იყო რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის შერეული საავიაციო კორპუსის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრ ოტროშჩენკოც.

გენერლის სიკვდილის შესახებ დღეს, 6 აპრილს განაცხადა რუსეთის მურმანსკის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ჩიბისმა. რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზა მურმანსკის ოლქის ქალაქ სევერომორსკშია.

  • სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ან-26 ანექსირებულ ყირიმში 31 მარტს ჩამოვარდა. 1 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაიღუპა „ეკიპაჟის 6 წევრი და ბორტზე მყოფი 23 მგზავრი“. იმავე დღეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გამოაცხადა, რომ დაიღუპა „ეკიპაჟის 7 წევრი და 23 მგზავრი" და სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ფრენის ან მისთვის მომზადების წესების დარღვევის მუხლით.
  • მურმანსკის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ჩიბისის მიერ სოციალური ქსელებით 1 აპრილს გავრცელებული სამძიმრიდან გაირკვა, რომ თვითმფრინავში ჩრდილოეთის ფლოტის სამხედროები იმყოფებოდნენ, თუმცა ამ დღეს ჩიბისს კონკრეტულად არავინ დაუსახელებია.
  • 2 აპრილს BBC-ს რუსულმა სამსახურმა ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ დაღუპულ სამხედროებს შორის იყო გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრ ოტროშჩენკოც.

ასევე ნახეთ

ანექსირებულ ყირიმში ჩამოვარდა რუსული გამანადგურებელი სუ-30

რუსული სააგენტო „ინტერფაქსის” ინფორმაციით, 6 აპრილს მურმანსკის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ჩიბისმა რეგიონის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მათ შორის, ვინც 31 მარტს ყირიმში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა, ჩრდილოეთის ფლოტის შერეული საავიაციო კორპუსის მეთაური ალექსანდრ ოტროშჩენკოც იყო.

„ინტერფაქსის” ცნობითვე, ადგილობრივი მთავრობის წევრებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს წუთიერი დუმილით.

  • გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრ ოტროშჩენკო 64 წლის იყო. ის რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის შერეული საავიაციო კორპუსის მეთაურად 2024 წელს დაინიშნა. მანამდე შავი ზღვის და ჩრდილოეთის ფლოტების საზღვაო ავიაციას და სამხედრო-საჰაერო ძალების 45-ე არმიას და ჩრდილოეთის ფლოტის საჰაერო თავდაცვას ხელმძღვანელობდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვერსიით, 31 მარტს სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ან-26 ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა. რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, თვითმფრინავი კლდეს შეეჯახა. კატასტროფა ანექსირებული ყირიმის სოფელ კუიბიშევოს რაიონში მოხდა.

  • BBC-ს რუსული სამსახურის ინფორმაციით, ალექსანდრ ოტროშჩენკო უკრაინაში რუსული არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან დაღუპული მე-14 რუსი გენერალია.