პაკისტანმა აშშ-ს და ირანს შესთავაზა 6 აპრილიდან ცეცხლის შეწყვეტის გეგმა

დარტყმის შედეგები, თეირანი

პაკისტანმა აშშ-სა და ირანს გადასცა სამშვიდობო გეგმის თავისი ვარიანტი - შეთანხმების შემთხვევაში ის, შესაძლოა, უკვე 6 აპრილიდან ამოქმედდეს, იუწყება სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით.

სააგენტოს წყაროთა ცნობით, ისლამაბადი შუამავლის როლში გამოდის და მოითხოვს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, რაც შესაძლებელს გახდის ჰორმუზის სრუტეში ხომალდების მოძრაობის აღდგენას. ამის შემდეგ მხარეებს 15-20 დღე ექნებათ უფრო ფართო შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად. საბოლოო შეხვედრა და დოკუმენტზე ხელმოწერის აქტი ისლამაბადში უნდა შედგეს.

როგორც ვარაუდობენ, საბოლოო შეთანხმებაში ირანს დაეკისრება ვალდებულება, არ განავითაროს ბირთვული იარაღი, სანქციების მოხსნის და გაყინული აქტივების გათავისუფლების სანაცვლოდ.

Reuters-ის თანახმად, გეგმის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებდა პაკისტანის სახმელეთო ძალების მეთაური, ასიმ მუნირი. მას კავშირი ჰქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან, აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბას არაყჩისთან.

მანამდე გამოცემა Axios-ი იუწყებოდა, რომ აშშ და ირანი რეგიონული შუამავლების მეშვეობით მსჯელობდნენ ცეცხლის 45-დღიან შეწყვეტაზე. გამოცემას წყაროებმა უთხრეს, რომ ამ შეთანხმების უახლოეს 48 საათში მიღწევის შანსი დაბალია, თუმცა ესაა სერიოზული ესკალაციის არიდების ბოლო მცდელობა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 4 აპრილს აცხადებდა, რომ ირანს ორ დღე-ღამეში "ჯოჯოხეთი დაატყდება თავს", თუ თეირანი შეთანხმებას არ დათანხმდება და არ გახსნის ჰორმუზის სრუტეს. მოგვიანებით ტრამპმა დარტყმების დაწყება 8 აპრილისთვის გადადო.

Axios-ის მონაცემებით, აშშ-სა და ისრაელს უკვე აქვთ ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური დარტყმების გეგმა. ამის პასუხად, როგორც ვარაუდობენ, თეირანმა შესაძლოა სპარსეთის ყურის ენერგეტიკულ ობიექტებზე მიიტანოს იერიში.

ასევე ნახეთ

ამერიკელმა სამხედროებმა ირანში ჩამოგდებული აშშ-ის F-15-ის ეკიპაჟის მეორე წევრი გადაარჩინეს