ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობა არ შეუძლია. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Times-ი წერს. მისი წყაროა ისრაელის და აშშ-ის დაზვერვის სამსახურების ანგარიში, რომელიც დიპლომატიური არხებით გაუზიარეს მოკავშირეებს სპარსეთის ყურეში.
დაზვერვის თანახმად, მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოჯთაბა ხამენეის ირანის ქალაქ ყუმში მკურნალობენ მას შემდეგ, რაც ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პირველივე დღეს, 28 თებერვალს დაიჭრა. ამ დღეს მოკლული იყო მისი მამა, ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.
მოჯთაბა ხამენეი მამის შემცვლელად, ირანის ახალ უზენაეს ლიდერად 8 მარტს აირჩიეს.
- მოჯთაბა ხამენეი არჩევის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა.
- ირანის ხელისუფლებამ მარტის პირველ ნახევარში დაადასტურა მოჯთაბა ხამენეის დაჭრის ფაქტი, თუმცა განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს.
გასული ერთი თვის განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა მოჯთაბა ხამენეის წერილობითი განცხადებები. მათ შორის ბოლოს 6 აპრილს, როცა ცნობილი გახდა, რომ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად მოკლულია კიდევ ერთი ირანელი მაღალჩინოსანი, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი მაჯიდ ხადემი.
მოჯთაბა ხამენეის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ირანის შეიარაღებულ ძალებს მეთაურების მკვლელობა ვერ შეაჩერებს.