ცვლილებების მიხედვით, გრანტად არ ჩაითვლება თანხები, რომლებსაც გასცემენ:
- საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობები;
- საკონსულო დაწესებულები;
- საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობები.
იმ შემთხვევაში, თუ ისინი ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც გამომდინარეობს:
- უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან და უკავშირდება უშუალოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის საკუთარ საქმიანობას.
ცვლილებების ავტორები განმარტებით ბარათში წერენ, რომ “კანონის მოქმედი რედაქცია აღნიშნულ ურთიერთობაზე არც ვრცელდება, მაგრამ იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს კანონის ერთგვაროვანი წაკითხვა, მიზანშეწონილია შესაბამისი დაზუსტება”.
"საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობა, ისევე როგორც დიპლომატიური წარმომადგენლობა/ საკონსულო დაწესებულება, თავისი არსით, ემსახურება შესაბამისი სუბიექტის (საერთაშორისო ორგანიზაცია, წარმგზავნი სახელმწიფო) ინტერესების დაცვასა და გატარებას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში. მათ საქმიანობაში წარმგზავნი სუბიექტის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესები, მიდგომები ან ურთიერთობები, ხშირ შემთხვევაში, მთავარ ადგილს იკავებს", - ნათქვამია "გრანტების შესახებ" კანონის ცვლილების თაობაზე მომზადებულ განმარტებით ბარათში.
10 აზრი გამოდის ისევ - ქურდოვანიძე
იურისტი, ყოფილი ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", ნონა ქურდოვანიძე, განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს კანონში განმარტების შეტანის მცდელობაა, "ეს კანონი ყველაფერთან ერთად არის ყველაზე ცუდად დაწერილი, რომელსაც ეს ცვლილებაც ვერ აზუსტებს, და ახლა რასაც ცვლიან 10 აზრი გამოდის ისევ“.
რა თანხებს შეეხება ცვლილება
დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის თანახმად, „გრანტების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები იმ თანხას ეხება, რომელსაც უცხო ქვეყნების საელჩოები და საკონსულოები თავიანთი ქვეყნებიდან იღებენ და უშუალოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის საქმიანობისთვის ხარჯავენ.
"სწორედ ამ თანხებზეა საუბარი და არა მათ მიერ გაცემულ გრანტებზე, რომელიც თავისთავად კანონის რეგულაციის ქვეშ ხვდება".
მაჭარაშვილი ცვლილებებს უწოდებს "დაზუსტებას".
"საელჩო საკუთარი ქვეყნიდან თანხებს იღებს და საელჩოს შიგნით თანამშრომლებისთვის ხარჯავს. “გრანტების შესახებ“ კანონის რეგულაცია ასეთ თანხებზე არ ვრცელდებოდა, მაგრამ საჭირო გახდა ამის დაზუსტება“, - თქვა გურამ მაჭარაშვილმა 7 აპრილს პარლამენტში მედიასთან საუბარში.
ცვლილებების აუცილებლობაზე, საჯაროდ მანამდე ცნობილი არ ყოფილა.
"გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები ბოლოს 4 მარტს შევიდა
4 მარტს სადავო პარლამენტმა, რომლის უმრავლესობაშიც პარტია „ქართული ოცნებაა“, მესამე ანუ საბოლოო მოსმენით მიიღო კანონები, რომლებითაც კიდევ უფრო მეტად გამკაცრდა "გრანტების შესახებ" კანონი და სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა ხელისუფლების არაღიარება.
საკანონმდებლო ცვლილებებით: გრანტად ითვლება სხვა სახელმწიფოს, სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან იურიდიული პირის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის, საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისთვის და იურიდიული პირისთვის [მათ შორის - სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირი, “რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას”] “ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები”, რომლებიც:
- ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ;
- აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.
- კანონპროექტის თანახმად, მეწარმე იურიდიული პირებისთვის „პოლიტიკურ აქტივობად მიიჩნევა საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის მიზნით განხორციელებული ან განსახორციელებელი აქტივობა, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ“.
ამ კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ასევე ნახეთ
გრანტების კანონში გამკაცრებული ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღეს, აიკრძალა „ხელისუფლების სისტემურად არაღიარება“სხვადასხვა დანაშაულისთვის გათვალისწინებულია ჯარიმაც, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 300-დან 500 საათამდე ანდა პატიმრობა 6-დან 9 წლამდე.
გრანტების მიღებას სჭირდება საქართველოს მთავრობის ან უფლებამოსილი პირის თანხმობა.
კრიტიკული გამოხმაურებები ევროკავშირის მხრიდან
"გრანტების შესახებ" კანონში 4 მარტს შესულ ცვლილებს კრიტიკით გამოეხმაურნენ "ვაიმარის სამკუთხედის" ქვეყნების (საფრანგეთი, გერმანია და პოლონეთი) საგარეო საქმეთა მინისტრები.
„ამ ახალი რეგულაციებით საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად არღვევს საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, კერძოდ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში“, - ეწერა ერთობლივ განცხადებაში.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვა საკანონმდებლო ცვლილებების გამო და აღნიშნა, რომ "შეზღუდვები საქართველოში დემოკრატიულ სივრცეს ავიწროებს".
ასევე ნახეთ
ODIHR: „გრანტების კანონში“ ცვლილებები და ახალი შეზღუდვები საქართველოში დემოკრატიულ სივრცეს ავიწროებსევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა და ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა, ერთობლივად განაცხადეს, რომ საქართველოში პარლამენტის მიერ 4 მარტს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები „ქვეყნის დემოკრატიული და სამოქალაქო სივრცის შეზღუდვისკენაა მიმართული“.
ასევე ნახეთ
ახალი შემზღუდავი კანონების მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებას - კალასი და კოსიმათი განცხადებით, ეს ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას, - შეთანხმებას, რომელსაც მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოეწერა 2014 წელს ბრიუსელში და 2016 წლის 1 ივლისიდან შევიდა ძალაში.