„ამ ახალი რეგულაციებით საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად არღვევს საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, კერძოდ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში“, - წერია ერთობლივ განცხადებაში.
საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ ისინი სრულად ეთანხმებიან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის 2026 წლის 6 მარტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც:
„ახალი ცვლილებები უპრეცედენტო დონემდე აფართოებს სახელმწიფო კონტროლს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაზე საქართველოში და არღვევს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ისინი ასუსტებენ კანონის უზენაესობას, ახორციელებენ დამატებით ზეწოლას დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე, მათ შორის დამოუკიდებელ მედიაზე, ადამიანის უფლებათა დამცველებზე ან ინდივიდუალურ ექსპერტებსა და მომსახურების მიმწოდებლებზე“.
ისინი გამოხატავენ მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც „თანმიმდევრულად მუშაობენ საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის“:
„ჩვენ გვახსოვს, რომ სწორედ საქართველოს მთავრობის 2024 წლიდან განხორციელებულმა კურსმა მიიყვანა მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივ შეჩერებამდე, როგორც ეს განმარტებულია ევროპული საბჭოს 2024 წლის დასკვნებით და დადასტურებულია ევროკომისიის მიერ 2025 წლის გაფართოების ანგარიშში“.
რა ცვლილებები შევიდა საქართველოს კანონებში?
4 მარტს სადავო პარლამენტმა, რომლის უმრავლესობაშიც პარტია „ქართული ოცნებაა“, მესამე ანუ საბოლოო მოსმენით მიიღო კანონები, რომლითაც კიდევ უფრო მეტად გამკაცრდა გრანტების შესახებ კანონი და სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა ხელისუფლების არაღიარება.
რა წერია ბოლო პერიოდში გამკაცრებულ გრანტების შესახებ კანონში?
- საქართველოში დამოუკიდებელ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს პარტნიორი ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გრანტის მიღება შეუძლიათ მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების თანხმობის შემთხვევაში;
- ასევე, თუ კანონის ამოქმედებამდე ორგანიზაციას მანამდე მიღებული გრანტი არ აქვს დახარჯული, მას მაინც სჭირდება იმავე ტიპის თანხმობა.
- სხვადასხვა დანაშაულისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 300-დან 500 საათამდე ანდა პატიმრობა 6-დან 9 წლამდე.
რას ნიშნავს ახალი კანონით ხელისუფლების არაღიარება?
კანონის მიხედვით, მოქმედი ხელისუფლების არაღიარება დაისჯება სისხლის სამართლის წესით.
სამ წლამდე პატიმრობით დაისჯება საქართველოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი იმ მოწოდებებისთვის, რომელიც მიმართულია:
- „საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ;
- საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ;
- საქართველოს ხელისუფლების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ“,
თუკი ეს მოწოდებები კეთდება „სისტემატურად“ და „საჯაროდ“.
ფორუმი