ჯეი დი ვენსი მხარს უჭერს ორბანს და აცხადებს, რომ არჩევნებამდე „სიგნალს“ გაგზავნის ბრიუსელში

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი. ბუდაპეშტი, 7 აპრილი, 2026 წელი

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა, რომელიც 7 აპრილს უნგრეთს სტუმრობს, რათა მხარი დაუჭიროს ნაციონალისტ პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს არჩევნების წინ, ბრიუსელი „არჩევნებში უცხო მხრის ჩარევაში“ დაადანაშაულა.

„მინდოდა ყველასთვის სიგნალი გამეგზავნა, განსაკუთრებით ბრიუსელში მყოფი ბიუროკრატებისთვის, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს
უნგრეთის ხალხის დასათრგუნად, რადგან არ მოსწონთ ლიდერი, რომელიც რეალურად უნგრეთის ხალხს იცავდა“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ვენსმა ასევე თქვა, რომ „ჩვენ ვიმუშავებთ მასთან, ვინც გაიმარჯვებს უნგრეთის არჩევნებში.”

მან თქვა, რომ ირანის ომის სამხედრო მიზნები შესრულებულია. ვენსმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დარწმუნებულია, რომ ირანისგან პასუხის მიღებას ვადაში შეძლებს.

ის საგარეო ომებში ვაშინგტონის ჩარევის წინააღმდეგ გამოდიოდა, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ომის დასრულების მიზნით ირანთან არაპირდაპირ კომუნიკაციებში. ვენსი ტრამპის იმ მცირერიცხოვან თანაშემწეებს შორის იყო, რომლებმაც თავდაპირველად კონფლიქტთან დაკავშირებით სიფრთხილე გამოთქვეს.

უნგრეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებში „ოქროს ხანა“ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ დაიწყო, - განაცხადა უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა სამშაბათს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან შეხვედრის შემდეგ.

ასევე ნახეთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ვიქტორ ორბანს საპარლამენტო არჩევნების წინ მხარდაჭერას დაჰპირდა - „თქვენი წარმატება ჩვენი წარმატებაა“


ვენსის ვიზიტი უნგრეთში არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოძრაობა MAGA ორბანის ხელახალ არჩევას. ტრამპმა უკვე პირადად დაუჭირა მხარი 62 წლის ორბანს, როგორც „ჭეშმარიტად ძლიერ და გავლენიან ლიდერს“.

„უნგრეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა და მეგობრობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განუცხადა ვენსმა ორბანს. - „ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჩვენ გვიყვარს უნგრელი ხალხი და ეს საოცარი ერი და კულტურა, მაგრამ ნაწილობრივ იმიტომ, რომ პრეზიდენტს თქვენ უყვარხართ და მეც ასევე, რადგან თქვენ ხართ ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილი იმისა, რამაც ევროპა ძლიერი და აყვავებული გახადა“.

უნგრეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ტისას“ ლიდერმა პეტერ მადიარმა პოლიტიკოსებს მთელ მსოფლიოში მოუწოდა, ნუ ჩაერევიან უნგრეთის არჩევნებში.

ვენსს და მის მეუღლეს, უშას, ბუდაპეშტის აეროპორტში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო დახვდა, რომელმაც თქვა, რომ ვიზიტი „აშშ-უნგრეთის ურთიერთობებში ახალი ოქროს ხანის“ ილუსტრაციაა.

ვენსი ბუდაპეშტში საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე იმყოფება, გამოკითხვები აჩვენებს, რომ ორბანმა, შესაძლოა, ხელისუფლებაში 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ძალაუფლება დაკარგოს. ის პრემიერ-მინისტრია 2010 წლიდან, კარგი ურთიერთობები აქვს როგორც ტრამპთან, ისე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

ასევე ნახეთ

ვლადიმირ პუტინმა კრემლში უმასპინძლა ვიქტორ ორბანს