მთავრობას 2025 წელს ვაცნობეთ, რომ არ უნდა გადაეყვანათ აზერბაიჯანში - სტრასბურგის სასამართლო სადიგოვზე

„ბატონი სადიგოვი აზერბაიჯანში არ უნდა გადაეყვანათ [სტრასბურგის] სასამართლოში საქმის წარმოების დასრულებამდე“. - სასამართლოს თქმით, ეს უთხრეს საქართველოს მთავრობას 2025 წელს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრესასთან ურთიერთობის სამსახურმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ 2025 წელს საქართველოს მთავრობას აცნობეს, - აზერბაიჯანელი დისიდენტი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი საქართველოდან აზერბაიჯანში არ უნდა გაიყვანონ საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე.

სტრასბურგის სასამართლოს პრესასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად 2026 წლის 8 აპრილს გამოგზავნილ წერილობით პასუხში ვკითხულობთ:

„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2025 წლის 14 იანვარს და შემდგომში 2025 წლის 27 თებერვალს, [სტრასბურგის] სასამართლომ საქართველოს მთავრობას მიუთითა, რომ ბატონი სადიგოვი აზერბაიჯანში არ უნდა იქნეს გაყვანილი [სტრასბურგის] სასამართლოში საქმის წარმოების დასრულებამდე“.

რადიო თავისუფლებამ ეს პასუხი მიიღო კითხვაზე, ეწინააღმდეგება თუ არა სადიგოვის დეპორტაციის გადაწყვეტილება 2025 წელს სასამართლოს მიერ გამოცემულ დროებით ღონისძიებას.

შს სამინისტროს დასაბუთება

მანამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ:

  • „აზერბაიჯანის პროკურატურამ გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა”;
  • „შესაბამისად, საქართველოშიც შეწყვეტილია ყოველგვარი საექსტრადიციო პროცედურები“;
  • „ამავდროულად, სადიგოვმა ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც სახდელის სახით, ჯარიმასთან ერთად, ითვალისწინებს საქართველოდან გაძევებას“.


„ეს საქმე ევროსასამართლომდე მივა“

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები სავალდებულოა და მათი უგულებელყოფა შესაძლოა, სახელმწიფოსთვის საერთაშორისო პასუხისმგებლობის საფუძველი გახდეს.

სტრასბურგის სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ნონა წოწორიამ 6 აპრილს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საექსტრადიციო პროცედურების შეწყვეტა ქართულ მხარეს არ ათავისუფლებდა დროებითი ღონისძიების აღსრულებისგან და „ამისათვის პასუხი აუცილებლად მოეთხოვებათ“.

“ევროსასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს იქნებოდა იქ [დროებით ღონისძიებაში] ნახსენები ექსტრადიცია, დეპორტაცია თუ გაძევების სხვა ფორმა… მთავარი ის არის, რომ, ეს ადამიანი [სადიგოვი] რისკის ქვეშ იყო... დროებითი ღონისძიება ვადით არ არის შეზღუდული და ძალაშია მანამ, სანამ საკითხი არ გადაწყდება თავად ევროსასამართლოს მიერ…

შიდა სასამართლოებისთვის ეს დოკუმენტი სავალდებულოა. მოსამართლე უნდა დაინტერესებულიყო - რატომ იყო სარისკო ამ ადამიანისთვის აზერბაიჯანში მოხვედრა… ბუნებრივია, ეს საქმე ევროსასამართლომდე მივა და ქართული სახელმწიფო იქნება სამართლებრივად გამტყუნებული, როდესაც ამის დრო დადგება. საქართველოს ხელისუფლებას არ უშველის მოყვანილი არგუმენტები”, - უთხრა ნონა წოწორიამ რადიო თავისუფლებას.

ასევე ნახეთ

მეუღლის ცნობით, ბაქოში ჟურნალისტი სადიგოვი დაკავების შემდეგ მალევე გაათავისუფლეს

სადიგოვის სასამართლო, გაძევება და ალიევის ვიზიტი

2026 წლის 5 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფგან სადიგოვის გაძევების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ, რამდენიმე საათში აღასრულა.

  • ჟურნალისტი 4 აპრილის ღამეს დააკავა პოლიციამ - შსს-ის ცნობით, მიზანი „საქმის დროულად განხილვა“ იყო;
  • ამჯერად მას სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ;
  • სადიგოვის წინააღმდეგ სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაშუაღამევს დაინიშნა;
  • გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე, გამოაცხადა.

სადიგოვის გაძევების მომდევნო დღეს, 6 აპრილს, საქართველოს ეწვია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან, ვიცე-პრეზიდენტ მეჰრიბან ალიევასთან ერთად.

ასევე ნახეთ

ერთი დღის შუალედით - ალიევის თბილისური ვიზიტი და ბაქოსთვის მიუღებელი სადიგოვის გაძევება

აფგან სადიგოვის გაძევება ბევრმა სწორედ ალიევის ვიზიტს დაუკავშირა, რაც მმართველ პარტიაში უარყვეს.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა, 6 აპრილს, ჟურნალისტებს უთხრა - რომ „[აფგან სადიგოვის გაძევება] არავითარი მოლაპარაკების საფუძველზე არ მომხდარა“.

მისი თქმით, „ეს მოხდა ქართული კანონმდებლობის საფუძველზე“.

რადიო თავისუფლებას აფგან სადიგოვის ადვოკატმა, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა თამთა მიქელაძემ განუცხადა, რომ ჟურნალისტის გაძევებას ცალსახად უკავშირებს ილჰამ ალიევის ვიზიტს.

„მათ გაწირეს ეს ადამიანი - დემონსტრაციულად და ჩვენს ისტორიაში პირველად დაარღვიეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე“, - გვითხრა თამთა მიქელაძემ.

ასევე ნახეთ

ევროპული კონვენციის და კანონმდებლობის დარღვევაა - საია ჟურნალისტ სადიგოვის გაძევებაზე