პრეზიდენტ ტრამპის და გენერალური მდივნის, რიუტეს შეხვედრა 8 აპრილს თეთრ სახლში გაიმართა.
შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა სოციალურ Truth Social-ში თავის გვერდზე დაწერა, რომ ნატო აშშ-ის გვერდით არ იყო, როცა სჭირდებოდათ და არ იქნება, თუ ისევ დასჭირდებათ. დონალდ ტრამპმა ისევ ახსენა გრენლანდია, რომელსაც „დიდი, ცუდად მართული ყინულის ნაჭერი“ უწოდა.
ტრამპი, რომელსაც დანიის შემადგენლობაში მყოფი გრენლანდიის აშშ-ისთვის გადაცემა სურს, ამ საკითხში მხარდაჭერას ნატოსგან ითხოვდა და ვერ მიიღო.
ნატოსადმი ტრამპის კრიტიკა, რომელიც თავის დროზე იმასაც ეხებოდა, რომ სხვა წევრები ალიანსს შეერთებულ შტატებზე გაცილებით ნაკლები თანხით აფინანსებდნენ, განსაკუთრებით გაძლიერდა 2026 წლის თებერვლის ბოლოს ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ.
ნატოს არაერთმა წევრმა, მათ შორის ესპანეთმა, იტალიამ და დიდმა ბრიტანეთმა უარი თქვეს თავიანთ ტერიტორიებზე არსებული ბაზების გამოყენებაზე ირანის საწინააღმდეგო ოპერაციისთვის. თავდაცვითი ალიანსის არაერთმა წევრმა განაცხადა, რომ ირანში ოპერაციის დაწყებამდე მათთან შეერთებულ შტატებს კონსულტაცია არ ჰქონია.
ტრამპმა, რომელიც ნატოს წევრ ევროპულ ქვეყნებს მოუწოდებდა მონაწილეობა მიეღოთ ირანის მიერ დაბლოკილი ჰორმუზის სრუტის გახსნაში, ევროპელი მოკავშირეები არაერთხელ გააკრიტიკა, აპრილის დასაწყისში კი განაცხადა, რომ განიხილავს ნატოდან აშშ-ის გასვლას.
ასევე ნახეთ
ტრამპი: აშშ ნატოდან გასვლას განიხილავსაშშ-ის პრეზიდენტთან 8 აპრილს გამართული შეხვედრის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გულახდილი საუბარი ჰქონდათ, დონალდ ტრამპი ბევრი მოკავშირით იმედგაცრუებულია და მისი თვალსაზრისი ესმის.
რიუტეს თანახმად, ტრამპს უთხრა, რომ ევროპული ქვეყნების უმრავლესობისგან დახმარება იყო საჰაერო სივრცეების გახსნითა და ლოგისტიკით, ნატოს წევრები ირანის წინააღმდეგ ოპერაციას უკანონოდ არ მიიჩნევენ და უმრავლესობა ეთანხმება ირანის ბირთვული პოტენციალის შესუსტების აუცილებლობას.
შეკითხვას, გახდა თუ არა მსოფლიო უფრო უსაფრთხო, ვიდრე ირანში ომის დაწყებამდე იყო, რიუტემ დადებითად უპასუხა და ხაზი გაუსვა ტრამპის ლიდერობას. შეკითხვას, გაიმეორა თუ არა პრეზიდენტმა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, ნატო დატოვოს, გენერალურმა მდივანმა უპასუხა, რომ პრეზიდენტი იმედგაცრუებულია, მაგრამ ყურადღებით მოისმინა მისი არგუმენტებიც.
ასევე ნახეთ
მაკრონი ამბობს, რომ ტრამპის ხუმრობა მისი და მისი მეუღლის ურთიერთობაზე „პასუხის ღირსი არაა“- 2023 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც ქვეყნის პრეზიდენტს აუკრძალა ნატოს დატოვება კონგრესისგან შესაბამისი თანხმობის გარეშე.