ტრამპი ირანს შეთანხმების ჩაშლის შემთხვევაში უძლიერესი დარტყმით დაემუქრა

თეირანი 2026 წლის 7 აპრილს, ორკვირიანი ზავის გამოცხადებამდე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უძლიერესი დარტყმით დაემუქრა ირანს, თუ შეთანხმება დაცული არ იქნება. ტრამპის განცხადება წინ უძღვის აშშ-სა და ირანს შორის დაგეგმილ მოლაპარაკებას, რომელიც ამ კვირაში უნდა დაიწყოს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში.

პრეზიდენტმა ტრამპმა 8 აპრილს ღამით სოციალურ Truth Social-ში თავის გვერდზე დაწერა, რომ ამერიკული გემები, თვითმფრინავები და სამხედრო მოსამსახურეები დამატებითი იარაღითა და საბრძოლო მასალებით, რაც საჭიროა უკვე „მნიშვნელოვნად დასუსტებული“ მოწინააღმდეგის გასანადგურებლად, ირანსა და მის გარშემო დარჩებიან, სანამ სრულად არ იქნება შესრულებული მიღწეული „რეალური შეთანხმება“.

ტრამპის თანახმად, თუ რაიმე მიზეზით შეთანხმება არ შესრულდება, რაც ნაკლებად სავარაუდოა, დაიწყება იმაზე უფრო მასშტაბური და ძლიერი „სროლა“, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

„არანაირი ბირთვული იარაღი და ჰორმუზის სრუტე იქნება გახსნილი და უსაფრთხო“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე ნახეთ

ორი კვირით ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობის შემდეგ აშშ-ირანის მოლაპარაკება პაკისტანში უნდა გაიმართოს

შეერთებული შტატები და ირანი საბრძოლო მოქმედებების ორი კვირით შეწყვეტას და ჰორმუზის სრუტის გახსნას 7 აპრილს დასთანხმდნენ. მხარეებს შორის შუამავალი პაკისტანი იყო.

ისრაელმა, რომელმაც აშშ-თან ერთად ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყო, ცეცხლის შეწყვეტას მხარი დაუჭირა, თუმცა განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაციას განაგრძობს ლიბანში, ჰეზბოლას წინააღმდეგ.

მიუხედავად შუამავალი პაკისტანის პრემიერ-მინისტრის განცხადებისა, რომ საბრძოლო მოქმედებების ორი კვირით შეწყვეტა ლიბანსაც მოიცავს, ისრაელის მთავრობამ და შემდეგ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადეს, რომ ლიბანი შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა.

8 აპრილს ირანმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე შესაძლოა, უარი თქვას, თუ ისრაელი ჰეზბოლას წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას გააგრძელებს.

რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის ცნობით, ორკვირიანი მყიფე ზავის გამოცხადების შემდეგ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა ისევ შეზღუდული იყო. ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად, სრუტე არ გაიხსნება, სანამ ისრაელი ჰეზბოლაზე შეტევას არ შეწყვეტს.

ასევე ნახეთ

ევროპელი ლიდერები ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტაზე: მივესალმებით... უნდა გავრცელდეს ლიბანზეც

ასევე ნახეთ

ბედის საჩუქარი - როგორ გაიმყარა პაკისტანმა დიპლომატიური იმიჯი ცეცხლის შეწყვეტის შუამავლობით
  • ისრაელისა და შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ 2026 წლის 28 თებერვალს დაწყებულ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. აშშ ამ პროგრამას გლობალურ საფრთხედ მიიჩნევს და მის დახურვას მოითხოვს, თეირანის თანახმად კი, პროგრამას მხოლოდ სამოქალაქო მიზნები აქვს.
  • აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის ძალებმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებზე. თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობის, გაზისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, რამაც მსოფლიო ბაზარზე მიწოდების პრობლემა და საწვავის გაძვირება გამოიწვია.