რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ივან ტოლსტოი რუსეთში „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადეს

ივან ტოლსტოი რადიო თავისუფლების პირველი შენობის მაკეტთან. პრაღა, 21 მარტი, 2025.

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ივან ტოლსტოი ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ სიაში შეიყვანა.

განახლებულ სიაში ასევე მოხვდნენ აქტივისტი ლილია ვეჟევატოვა, საჯარო გვერდის „აზიატი როსიის“ ავტორი ვასილი მატენოვი, ნოღაელი აქტივისტი რეზვან კუბაკაევი, ასოციაცია „გოლოსის“ ყოფილი თავმჯდომარე რომან უდოტი და პროექტი „ტატარ შურასი“ („მსოფლიოს თათრების საბჭო“).

ივან ტოლსტოი მწერალ ალექსეი ტოლსტოის შვილიშვილია. ის რადიო თავისუფლებასთან 1988 წლიდან თანამშრომლობს. ტოლსტოი არის რადიო „თავისუფლების“ ისტორიისადმი მიძღვნილი 50 რადიოგადაცემის სერიის ავტორი.

იუსტიციის სამინისტროს არ დაუსახელებია ტოლსტის „უცხოეთის აგენტების“ სიაში შეყვანის მიზეზები.

„უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონმდებლობა რუსეთში 2012 წელს იქნა მიღებული. კანონმა იუსტიციის სამინისტროს საშუალება მისცა, არაკომერციული ორგანიზაციები „უცხოეთის აგენტებად“ გამოეცხადებინა, თუ ისინი საზღვარგარეთიდან იღებენ დაფინანსებას და პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან.

კანონში ნათლად არ არის განსაზღვრული კრიტერიუმები, რომლებითაც ასეთი საქმიანობა განისაზღვრება, რაც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, აწარმოოს განათლების, კულტურის, ჯანდაცვის, ეკოლოგიისა და ადამიანის უფლებების სფეროებში მომუშავე ორგანიზაციების დევნა.

შედეგად, შესაძლებელი გახდა მედიასაშუალებებისა და ფიზიკური პირების აგენტებად გამოცხადება, მათ შორის იმ პირებისა, ვინც არ იღებს უცხოურ დაფინანსებას, მაგრამ „უცხოური გავლენის ქვეშ იმყოფება“. რუსეთის კანონმდებლობა არ აკონკრეტებს, ზუსტად რა შეიძლება ჩაითვალოს უცხოურ გავლენად.

ასევე ნახეთ

რუსეთის უშიშროებამ დააკავა და სამშობლოს ღალატში ბრალი დასდო რადიო თავისუფლების ყოფილ თანამშრომელს