Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის უშიშროებამ დააკავა და სამშობლოს ღალატში ბრალი დასდო რადიო თავისუფლების ყოფილ თანამშრომელს

ალექსანდრ ანდრეევი
ალექსანდრ ანდრეევი

რუსეთის უშიშროების მთავარმა სააგენტომ დააკავა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) რუსული სამსახურის ყოფილი შტატგარეშე კორესპონდენტი - უშიშროება დაკავებულს სამშობლოს ღალატში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ მას თითქოს უკრაინის უშიშროებასთან ჰქონდა კავშირი.

უშიშროების ფედერალურ სამსახურს (FSB) დაკავებულის ვინაობა არ გაუსაჯაროებია - მხოლოდ ითქვა, რომ ეს პირი 1960 წელსაა დაბადებული ციმბირის ოლქში, ჩიტაში.

"ეფესბე" დაკავებულს ბრალს სდებს "მტრისთვის იმ ინფორმაციის მიწოდებაში, რომელიც ეხებოდა ადგილობრივი ბეჭდური გამოცემის საინფორმაციო წყაროებს, სპეციალიზებულს სპეციალური სამხედრო ოპერაციის პროგრესის გაშუქებაში". რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში მის მიერ წარმოებულ ომს უწოდებს "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას". განცხადებაში ნათქვამი არ არის, დროის რა პერიოდზეა ლაპარაკი.

გასულ კვირაში საინფორმაციო საშუალება Chita.ru ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ დაკავებულია კაცი სახელით ალექსანდრ ა. - ამ ცნობაში ეს პირი მოხსენიებული იყო ადგილობრივი პოლიტიკური პარტიის ლიდერად. ცნობის თანახმად, ამავე პერიოდში კიდევ ორი პირი დააკავეს.

ტელეგრამის არხმა Siberian Express-მა დაკავებულის სახელი სრულად გამოაქვეყნა - ალექსანდრ ანდრეევი, რომელიც მუშაობდა ნავთობის ყოფილი მაგნატის, ამჟამად ემიგრაციაში მცხოვრები მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაფინანსებული საინფორმაციო საშუალებისთვის.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო TASS-ი იუწყება, რომ დაკავებული პირი უწინ RFE/RL-ის შტატგარეშე თანამშრომელი იყო. ანდრეევი რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის შტატგარეშე კორესპონდენტი იყო ადრეულ 2010-იან წლებში.

RFE/RL-ს ჯერჯერობით ამ ცნობებზე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

ათწლეულზე მეტია, რუსეთის ხელისუფლება მზარდ ზეწოლას ახორციელებს დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, უფლებადამცველებსა და სხვა არასამთავრობო ჯგუფებზე. პროკურორები ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონს იყენებენ საბაბად, რათა რთული მოთხოვნები დაუწესონ რუსეთის გარეთ მოქმედი მედიასაშუალებების ჟურნალისტებს.

სამშობლოს ღალატის ბრალდება რუსეთის კანონმდებლობაში ბევრად უფრო სერიოზულია, "აგენტების კანონის" დარღვევებთან შედარებით. 2023 წელს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც სამშობლოს ღალატში დამნაშავედ ცნობილ პირებს სასჯელად უწესდებათ პატიმრობა 20 წლის ვადიდან - სამუდამომდე.


ფორუმი

XS
SM
MD
LG