აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში ნაღმებისგან გაწმენდა მიმდინარეობს

ინდოეთის თხევადი გაზის მზიდი ხომალდი, რომელმაც ირანის ნებართვით ჰორმუზის სრუტე გაიარა. (საილუსტრაციო ფოტო)

ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის საზღვაო გემების შესახებ ადრე გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) დაასახელა ორი გემი, რომლებიც, მისი თქმით, მნიშვნელოვან საზღვაო დერეფანში ნაღმებისგან გაწმენდას ახორციელებენ.

ორმა მართვადი რაკეტებით აღჭურვილმა საესკადრო ნაღმოსანმა USS Frank E. Peterson-მა და USS Michael Murphy-მ, „სრუტე გაიარეს“, - ნათქვამია CENTCOM-ის სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„დღეს ჩვენ დავიწყეთ ახალი გასასვლელის შექმნის პროცესი და მალე ამ უსაფრთხო გზას საზღვაო მიმოსვლას დავუთმობთ, რათა ხელი შევუწყოთ ვაჭრობის თავისუფალ ნაკადს“, - განაცხადა CENTCOM-ის მეთაურმა ბრედ კუპერმა.

ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „ჰორმუზის სრუტეს წმენდს“.

ასევე ნახეთ

ტრამპის თქმით, აშშ-ის ძალები ჰორმუზის სრუტეს „წმენდენ“

ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთი ამერიკული გემი მიუახლოვდა ტერიტორიას, მაგრამ ირანის შეიარაღებული ძალების მიერ გაფრთხილების შემდეგ უკან დაიხია.

ირანმა სრუტე 28 თებერვალს აშშ-სა და ისრაელის საჰაერო დარტყმების დაწყების შემდეგ დანაღმა, რითაც ფაქტობრივად ჩაკეტა იგი საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვებისთვის, რომლებიც ადრე მსოფლიო ბაზარზე ნავთობის, ასევე გაზისა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქონლის დაახლოებით 20 პროცენტი გადაჰქონდათ.

აშშ-მა ისლამაბადში 11 აპრილს დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში მოითხოვა სრუტის ხელახლა გახსნა, რომელიც საერთაშორისო საზღვაო გზას წარმოადგენს. თუმცა, ირანი მოითხოვს იმის აღიარებას, რომ ის აკონტროლებს სრუტეს და აქვს უფლება, დააწესოს გადასახადი მისი გამოყენებისთვის.

ასევე ნახეთ

ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტილია - საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს