აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, შეთანხმების გარეშე დასრულდა ირანთან გამართული მოლაპარაკებები

ჯ.დ. ვენსი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი

„უკვე 21 საათია ამ საკითხზე ვმუშაობთ და ირანელებთან არაერთი არსებითი განხილვა გვქონდა - ეს კარგი ამბავია. ცუდი ამბავი კი ის არის, რომ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ვფიქრობ, რომ ეს ირანისთვის ბევრად უფრო ცუდი ამბავია, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ასე რომ, ვბრუნდებით შეერთებულ შტატებში შეთანხმების მიღწევის გარეშე“, - განაცხადა ჯ.დ. ვენსმა ისლამაბადში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, აშშ-მა „საბოლოო და საუკეთესო შეთავაზება“ წარადგინა, ირანელმა მომლაპარაკებლებმა უარი თქვეს აშშ-ის შეთანხმების პირობებზე, რომლებიც, ვენსის მტკიცებით, „საკმაოდ მოქნილი“ იყო.

„ჩვენ საკმაოდ დამთმობები ვიყავით. პრეზიდენტმა გვითხრა: „თქვენ აქ კეთილი ნებით უნდა მოხვიდეთ და ყველაფერი გააკეთოთ შეთანხმების მისაღწევად“. ჩვენ ეს გავაკეთეთ და სამწუხაროდ, ვერ შევძელით რაიმე პროგრესის მიღწევა, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, რომელიც, მისივე თქმით, მოლაპარაკებების მიმდინარეობისას მუდმივ კონტაქტზე იყო პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.

ვენსის თქმით, ირანმა არ აიღო ვალდებულება, რომ უარს იტყვის ბირთვული იარაღის შექმნის გეგმაზე.

ასევე ნახეთ

თეთრი სახლის ცნობით, ირანთან „პირისპირ“ მოლაპარაკებები 12 აპრილის დილის საათებამდე გაგრძელდა

„მარტივი ფაქტია, რომ ჩვენ გვჭირდება დადებითი ვალდებულება, რომ ისინი არ შეეცდებიან ბირთვული იარაღის შექმნას და არ შეეცდებიან ჰქონდეთ ინსტრუმენტები, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს სწრაფად მიაღწიონ ბირთვულ იარაღის შექმნას. კითხვა ასეთია: ვხედავთ თუ არა, რომ ირანელები იღებენ ფუნდამენტურ ვალდებულებას, არ შეიმუშაონ ბირთვული იარაღი არა მხოლოდ ახლა, არა მხოლოდ ორი წლის შემდეგ, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში? ჩვენ ეს ჯერ არ გვინახავს, იმედი გვაქვს, რომ ვნახავთ“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

პაკისტანში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. აშშ-ის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობდა და მასში ასევე შედიოდნენ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი.

ირანის დელეგაცია 71 ადამიანისგან შედგებოდა, მათ შორის იყვნენ მომლაპარაკებლები, ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები.