თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-ის, ირანისა და პაკისტანის ოფიციალური პირების მონაწილეობით „პირისპირ“ სამმხრივი მოლაპარაკებები 12 აპრილის დილის საათებამდე გაგრძელდა.
მონაწილეები ცდილობდნენ რამდენიმე საკამათო საკითხის მოგვარებას სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის იმედით.
ირანის საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმი“, თავის რეპორტიორზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ ისლამაბადში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი დასრულდა.
ამავე ცნობით, მოლაპარაკებებში ირანსა და აშშ-ს დელეგაციებს შორის სერიოზული უთანხმოება კვლავ რჩება. ირანის გაზეთი „ფარსი“ თავის რეპორტიორზე დაყრდნობით იუწყება: ირანმა და აშშ-მ მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში მათ შორის არსებულ აზრთა სხვადასხვაობა ვერ გადალახეს.
ირანის მთავრობამ X-ზე დაწერა, რომ მოლაპარაკება გაგრძელდება გარკვეული დარჩენილი უთანხმოებების მიუხედავად.
X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ირანის მთავრობამ განაცხადა, რომ 14-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მოლაპარაკებები დასრულდა და ორივე მხარის ტექნიკური ექსპერტები დოკუმენტებს გაცვლიან.
ჯერ არ არის ნათელი, რამდენ ხანს გაგრძელდება მოლაპარაკებები ან გაიმართება თუ არა შემდგომი სხდომები 12 აპრილს.
მოლაპარაკების მიმდინარეობის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ ღელავს იმის გამო, მიიღწევა თუ არა შეთანხმება ისლამაბადში.
„ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, დავდებთ თუ არა შეთანხმებას. ეს იმიტომ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ვაშინგტონში.
„ჩვენ ირანთან ძალიან ღრმა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ჩვენ ვიმარჯვებთ მიუხედავად ამისა. ჩვენ ისინი სამხედრო თვალსაზრისით დავამარცხეთ“, - თქვა ტრამპმა.
„ჩვენ დავამარცხეთ მათი საზღვაო ფლოტი, დავამარცხეთ მათი საჰაერო ძალები, დავამარცხეთ მათი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, დავამარცხეთ მათი რადარი. ჩვენ დავამარცხეთ მათი ლიდერები. მათი ლიდერები ყველა მკვდარია... ჩვენ გავხსნით სრუტეს, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ვიყენებთ, რადგან მსოფლიოში ბევრი სხვა ქვეყანაა, რომლებიც მას იყენებენ, რომლებიც ან შეშინებულები არიან ან სუსტები...“
„რაც უნდა მოხდეს, ჩვენ გავიმარჯვეთ. ჩვენ მთლიანად დავამარცხეთ ეს ქვეყანა. ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება. შეიძლება შეთანხმებას მიაღწიონ, შეიძლება არა. ამერიკის თვალსაზრისით, ჩვენ გავიმარჯვეთ“, - თქვა მან.
ირანის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ მხარეებს ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით „სერიოზული უთანხმოება“ ჰქონდათ. Financial Times-ი იტყობინება, რომ ის „ჩიხში“ შევიდა.
ისლამაბადში ჩასულ ირანის დელეგაციას ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაღერ ყალიბაფი და საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაყჩი წარმოადგენენ. აშშ-ის დელეგაციას მეთაურობს ვიცეპრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი, რომელსაც ახლავს თეთრი სახლის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და აშშ-ის პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი.
აშშ-ირანის მოლაპარაკებებს პაკისტანი, შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა, შუამავლობით ახორციელებს.
ომის დასრულების პირობებია ჰორმუზის ირანის მიერ ჩაკეტილი სრუტის გახსნა, ირანისთვის ზარალის კომპენსაცია, ასევე სანქციების ძალით ირანის გაყინული აქტივების თეირანისთვის გადაცემა. ერთ-ერთი მთავარი თემაა ირანის ბირთვული პროგრამა.
ეს არის აშშ-ირანის უმაღლესი დონის მოლაპარაკებები 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ. ესარის პირველი პირდაპირი მოლაპარაკება 2015 წლის შემდეგ, როდესაც მათ მიაღწიეს შეთანხმებას ირანის ბირთვულ პროგრამაზე.
ფორუმი