„მივიღე წერილი რესპუბლიკის პრეზიდენტისგან. მივალ ოთხშაბათს. ხელისუფლების მყისიერი გადაბარება და ახალი მთავრობის დამტკიცება უნგრეთის ინტერესშია“, - წერს ფეისბუკში პეტერ მადიარი, უნგრეთის 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვებული პარტიის - „ტისას“ - ლიდერი.
13 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელმაც სამ საათს გასტანა, მადიარმა უნგრეთის პრეზიდენტ ტომაშ შუიოკს უწოდა „მარიონეტი“, მოუწოდა გადადგომისკენ, აგრეთვე მოუწოდა ახალი პარლამენტის სხდომის მალე დანიშვნისა და პრეზიდენტის სასახლეში მისი მიწვევისკენ, რაც მას მისცემს ახალი მთავრობის დროულად ფორმირების შესაძლებლობას.
ასევე ნახეთ
პეტერ მადიარი: ჩვენ მოვახდინეთ სასწაული!პეტერ მადიარი უნგრეთის პრეზიდენტის გადადგომის საფუძვლად თვლის მის მიერ ხელმოწერილ გადაწყვეტილებებს, რომელთა შორის ყველაზე მძიმე ბრალდება პედოფილიაში მსჯავრდადებულთა შეწყალებაა:
„ის დაინიშნა, რომ ხელი მოეწერა ყველაფერზე, ყველა დოკუმენტზე, რასაც წარუდგენდნენ, იქნებოდა ეს: მენიუ, კონსტიტუცია თუ კანონები. ჩვენ არ გვჭირდება ასეთი ადამიანები. ეს არ არის პრეზიდენტი. ჩემთვის ის არ არის პრეზიდენტი. მან დაუშვა ქვეყნის ძარცვა, ეროვნული ბანკის ძარცვა; მას სიტყვა არ უთქვამს, როცა ათასობით უნგრელი ბავშვზე პედოფილები ძალადობდნენ - პედოფილები, რომლებიც ამ მთავრობამ დანიშნა, რომლებსაც აჯილდოებდა ეს მთავრობა ან რომლებსაც იწყალებდა ეს მთავრობა. პრეზიდენტს ამაზე სიტყვა არ დაუძრავს. ეს არ არის ნამდვილი პრეზიდენტი. იმედი მაქვს, ის მისმენს. შესაძლოა, წუხელ ვერ გაეგონა და გავიმეორებ: ის უნდა გადადგეს“, - განაცხადა 13 აპრილს გამართულ პირველ ხანგრძლივ პრესკონფერენციაზე პეტერ მადიარმა.
უნგრეთის კანონმდებლობით, არჩევნების საბოლოო შედეგები უნდა გამოცხადდეს არა უგვიანეს 4 მაისისა, ახალი პარლამენტის პირველი სხდომა კი რესპუბლიკის პრეზიდენტმა უნდა მოიწვიოს არჩევნებიდან არა უგვიანეს 30 დღისა.