ის აპირებს, რომ არჩევნების შედეგად მოპოვებული სუპერუმრავლესობა სახელმწიფო სისტემის ცვლილებისთვის გამოიყენოს, რადგან, მისი სიტყვებით, უნგრეთის ხალხმა ხმა მისცა არა უბრალოდ მთავრობის, არამედ "რეჟიმის ცვლილებას".
მადიარი აცხადებს, რომ სახელმწიფო რესურსის პარტიის ინტერესებისთვის გამოყენებისა და პროპაგანდის გარეშე ვიქტორ ორბანის პარტია "ფიდესი" იმდენ მანდატსაც ვერ მოიპოვებდა, რამდენიც მოიპოვა 12 აპრილის არჩევნებზე.
„უნგრეთი იყო, არის და იქნება ევროპა - ეს გადაწყვიტეს უნგრელებმა", - პეტერ მადიარმა მადლობა გადაუხადა 50 ათას მოხალისეს, რომლებიც დღე და ღამე შრომობდნენ რეჟიმის შესაცვლელად - "ჩვენ მოვახდინეთ სასწაული!“
"ტისას" ლიდერის სიტყვებით, მისი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იქნება ევროპელ ლიდერებთან კომუნიკაციით იმ 20 მილიარდი ევროს დაბრუნება უნგრეთისთვის, რომლის გარეშეც უნგრეთის ეკონომიკა ვერ იმუშავებს - "წლებია, ზრდა არ გვქონია".
მადიარმა მიმართა პრესკონფერენციაზე მყოფ უცხოელ ჟურნალისტებს:
„თქვენ აქ არ ცხოვრობთ და არ იცით, რომ ეს გებელსისა და ჩრდილოეთ კორეის ტიპის პროპაგანდაა, რომელშიც ერთი პატარა ელემენტიც არ იყო სიმართლის. ვიქტორ ორბანი ემუქრებოდა საკუთარ ხალხს, ბავშვებსა და მათ ბებია-ბაბუებს, რომ ისინი შიშში ჰყოლოდა. ის აშინებდა უნგრელებს, რომ თუკი ახალი მთავრობა მოვიდოდა, უნგრელებს უკრაინა-რუსეთის ფრონტის ხაზზე წაიყვანდნენ, რომ მათი ოჯახის წევრებს ფრონტზე წაიყვანდნენ. ვიქტორ ორბანი ძალიან დაბლა დაეშვა, უკიდურესად დაბლა ძალაუფლების, მოპარული ქონებისა და მოპარული ფულის შესანარჩუნებლად.
მსურს მკაფიო მესიჯი გავუგზავნო მთელ მსოფლიოს: უნგრეთში არავის უნდა ომი. უნგრეთი მხარს უჭერს მშვიდობას. "ტისას" მთავრობა იქნება მშვიდობის მთავრობა - ვიქტორ ორბანის საპირისპიროდ, რომელიც გასულ წლებში უნგრელი ხალხის პრობლემებზე კი არ მუშაობდა, ჯანდაცვაზე, განათლებასა და კრიზისში ცხოვრების ფასზე კი არ ლაპარაკობდა, არამედ ჩართული იყო ხუთგანზომილებიან საჭადრაკო პარტიაში. ვფიქრობ, ეს არის მისი მარცხის მიზეზი. ის ლაპარაკობდა რუსეთზე, უკრაინაზე, ირანზე, ირანის შაჰზე, აიათოლაზე, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე. შუაღამისას რომ გაგეღვიძებინათ, იტყოდა, რომ ამერიკის არჩევნები მან მოიგო და არა დონალდ ტრამპმა. ის ლაპარაკობდა ყველაფერზე, უნგრეთის ხალხის პრობლემების გარდა და უნგრეთის ხალხმა ამ ყველაფერს უთხრა "არა". მილიონობით უნგრელმა დაამტკიცა გუშინ, რომ უნგრეთის ხალხი წერს უნგრეთის ისტორიას და არა მოსკოვში, ბრიუსელსა თუ ვაშინგტონში მყოფი ადამიანები. არამედ ისტორია იწერება უნგრეთის ქუჩებში, მოედნებზე. მადლიერი ვარ, რომ მათ შეძლეს ამის დამტკიცება".
მადიარმა ილაპარაკა თავისი მომავალი მთავრობის ამოცანებზეც, რომელთა შორის უპირველესად დაასახელა ანტიკორუფციული ზომების გატარება. აღნიშნა, რომ დაიწყება უნგრეთის ევროპის საპროკურორო სამსახურში გაწევრიანების პროცესი, შეიქმნება სახელმწიფო საკუთრების აღდგენისა და დაცვის უწყება. გარდა ამისა, შეეხო ცვლილებას კონსტიტუციაში:
"ჩვენ შევცვლით ჩვენს ფუძემდებლურ კანონს და ჩავწერთ მასში, რომ უნგრეთში პრემიერ-მინისტრს შეეძლება მხოლოდ ორი ვადით მსახურება და ეს იქნება 8 წელი. საფუძვლიანად აღვადგენთ კანონის უზენაესობას, პლურალისტურ დემოკრატიას, კონტროლისა და ბალანსის სისტემას. ამისთვის მოგვცეს მანდატი უნგრელებმა. ამაზე დიდი პატივი არ არსებობს“.
მადიარმა მადლობა გადაუხადა მსოფლიოს ლიდერებს მილოცვისთვის და აღნიშნა, რომ მოსკოვმა და პეკინმაც გამოხატეს პატივისცემა უნგრეთის ხალხის არჩევანის მიმართ.
პეტერ მადიარი მოელის, რომ გარდამავალი პერიოდი იქნება მოკლე:
"არსებული წესების თანახმად, 4 მაისს არის საბოლოო შედეგების გამოცხადების თარიღი, მაგრამ უფრო მალეც შეიძლება მოხდეს და პრეზიდენტმა, რომელიც მარიონეტია, უნდა მოიწვიოს ახალი პარლამენტი არჩევნების დღიდან არა უგვიანეს 30 დღეში. თუმცა მსურს მოვუწოდო ტომაშ შუიოკს - უნგრეთის პრეზიდენტს, რომ პარლამენტი მოიწვიოს რაც შეიძლება მალე. იქნებ, 5 მაისს იყოს ან უფრო ადრეც, როგორც კი შედეგები იქნება. მოვუწოდებ აგრეთვე, რომ მიმიწვიოს, როგორც უძლიერესი პარტიის ლიდერი, რომ ჩამოვაყალიბო ახალი კაბინეტი, რადგან ჩვენს ქვეყანას არ აქვს დასაკარგავი დრო. უნგრეთი გასაჭირშია მრავალი თვალსაზრისით: ის იძარცვებოდა, მას ღალატობდნენ, ის ნადგურდებოდა. ჩვენ ვიქეცით ევროკავშირის ყველაზე გაღატაკებულ, ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად".
"ტისას" პარტიის ლიდერი დაჰპირდა მოქალაქეებს, რომ მისი მთავრობა წარმოადგენს ყველა უნგრელს, მათაც, ვინც ხმა არ მისცა "ტისას".
"უნგრელებმა ხმა მისცეს არა მხოლოდ მთავრობის ცვლილებას, არამედ უფრო მეტად რეჟიმის ცვლილებას. ქვეყანა დაპყრობილი აქვს და იმართება ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფის მიერ", - აცხადებს მადიარი და ამით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რეჟიმის ცვლილების აუცილებლობად.
გამარჯვებული პარტიის ლიდერი წინასწარ აღიარებს:
"ტისას" მთავრობა იქნება ყველას წარმომადგენელი, მაგრამ ჩვენ არ ვიქნებით სრულყოფილები, ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, ჩვენ დავუშვებთ შეცდომებს", - მადიარი აცხადებს, რომ შეცდომებს მოჰყვება პასუხისმგებლობაც.
"გპირდებით, რომ მე ყოველთვის წარმოვადგენ უნგრელების ინტერესებს როგორც სტრასბურგსა და ბრიუსელში, აგრეთვე მოსკოვში, ბერლინში, ვაშინგტონში, პეკინში - ყველგან".
მომავალი მთავრობის მეთაური ჰპირდება მოქალაქეებს, რომ ევროკავშირთან ყველა უთანხმოებას მოაგვარებს და "უნგრეთი იქნება კონსტრუქციული პარტნიორი, ვინაიდან ევროპა გასაჭირშია არაერთი კუთხით. ჩვენ გვერდით ოთხ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს ომი და ჩვენ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ვართ, ჩვენ დავკარგეთ ტემპი, კონკურენტულობაც დიდწილად. არის უამრავი სოციალური პრობლემა. ჩვენ, პირადად მე, მზად ვარ დახმარებისთვის, ამ პროცესის გაძლიერებისთვის და არა პრობლემების გაზრდისთვის, გადაწყვეტილებების მიღების გამარტივებისთვის და აგრეთვე იმ ქვეყნების მისაღებად, რომლებსაც ეს სურთ, რომ რიგში არ ვალოდინოთ, რადგან ეს არ არის ევროპელი ხალხის ინტერესებში", - ამბობს მადიარი და იძლევა დაპირებას, რომ მისი მთავრობა ხელს შეუწყობს "ევროპის ხმის გაძლიერებას".
პრესკონფერენციის მიმდინარეობის დროს პეტერ მადიარმა დამსწრეებს განუცხადა, რომ მას ახალი ინფორმაცია მიაწოდეს:
"ბევრს ჰგონია, რომ პეტერ სიიარტო გაუჩინარდა, რომ ის ტოვებს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას, რადგან ის არ იმყოფებოდა ვიქტორ ორბანის გვერდით. თუმცა მსურს დაგარწმუნოთ, რომ ის გამოჩნდა: დღეს, 10:00 საათზე, ის მივიდა საგარეო საქმეთა სამინისტროში ესტერ დიარმატისთან [სახელმწიფო მინისტრი - რ.თ.] ერთად. არის შეხვედრაზე და ისინი ახლა ანადგურებენ დოკუმენტებს, რომლებიც უკავშირდება სანქციებს. ეს ხდება ახლა უნგრეთში. ვიცით, რომ ადამიანები ანადგურებენ დოკუმენტებს ზუსტად ისე, როგორც ძველ, კომუნისტურ ეპოქაში - შრედერები მუშაობს მუდმივ რეჟიმში, არა მხოლოდ სამინისტროებში, არამედ მათ უკან მდგომ უწყებებშიც, ისინი ანაკუწებენ დოკუმენტებს, მაგრამ ეს არ უშველის".
მადიარი არაერთხელ შეეხო ხელისუფლების გადაბარების პროცესს:
"დღევანდელი უნგრეთის კონტექსტზე რომ მოგაწოდოთ გარკვეული ინფორმაცია: ნორმალურ გარდამავალ პერიოდში, ნორმალურ ქვეყანაში გადაცემის პროცესში, როცა არის ოპოზიციური პარტია, რომელიც წელიწადზე მეტია მმართველ პარტიაზე პოპულარულია და გადაიბარებს მთავრობას, მიმავალი პრემიერ-მინისტრი გაუზიარებდა ინფორმაციას მომავალ ლიდერს - მნიშვნელოვან ინფორმაციას ეროვნულ უსაფრთხოებაზე, მაგრამ უნგრეთში ეს არ ხდება. ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი ინფორმაცია. და კიდევ ერთი რემარკა: ბევრი რამ არის, რაც არ ვიცით. არის საერთაშორისო ხელშეკრულებები, ორბანის მთავრობას გაცემული აქვს კონფიდენციალური, გასაიდუმლოებული სამთავრობო განკარგულებები და წარმოდგენა არ გვაქვს, რას ეხება ისინი. არის ბევრი საერთაშორისო ვალდებულება, რომლებზეც უნგრელებმა არაფერი იციან, მათ შორის - არც მე, უდიდესი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა და მომავალმა პრემიერ-მინისტრმა.
ვიქტორ ორბანი იღებდა სესხებს უცნობი პროცენტებითა და პირობებით. ჩვენ არ გაგვაჩნია ინფორმაცია ამ სესხებზე. ის ხელს აწერდა საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომლებიც უნგრელებს მილიარდობით უჯდება, მაგრამ არაფერი ვიცით დეტალებზე. ასე რომ, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ყველა დოკუმენტი, რომლებიც დანაკუწებას გადაურჩა, იმისათვის, რომ ქვეყანამ შეძლოს ოპერირება ხელისუფლების გადაბარების შემდეგ - იქნება ეს კრიტიკული ინფრასტრუქტურის სისტემა, საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემები, ეროვნული უსაფრთხოების სისტემები, სავალუტო რეზერვები, ნავთობის რეზერვები".
პეტერ მადიარი დაჰპირდა უნგრელებს, რომ როგორც კი მოიპოვებს ინფორმაციას ორბანის მთავრობის საიდუმლო განკარგულებებსა და ხელშეკრულებებზე, ისე, რომ არ დაარღვევს უნგრეთის ფინანსურ ან უსაფრთხოების ინტერესებს, გამოაქვეყნებს მას საჯარო საიტებზე - "იქნება ეს ჯანდაცვაზე, განათლებაზე თუ ინფრასტრუქტურაზე, ბიუჯეტზე, ეკონომიკაზე - რა მდგომარეობაშია ახლა ქვეყანა, რა დატოვეს მძარცველებმა მემკვიდრეობად - მათ, ვინც ძარცვავდა და ღალატობდა ქვეყანას".
მადიარი თავდაპირველად გეგმავს ინვენტარიზაციას, შემდეგ კი პროგნოზირებს საბიუჯეტო ცვლილებებს, რადგან მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში დეფიციტი ამას გარდაუვალს ხდის.
"ტისას" ლიდერმა "მარიონეტები" უწოდა ორბანის ხელისუფლების წევრებს და კერძოდ, პრეზიდენტ ტომაშ შუიოკზე განაცხადა:
"უნგრელებმა მიიღეს რეჟიმის ცვლილების გადაწყვეტილება და ტომაშ შუიოკი და სხვა მარიონეტები არიან ან იყვნენ ამ რეჟიმის შუაგულში - არა იმიტომ, რომ კვალიფიციურები იყვნენ თანამდებობებისთვის ან პრეზიდენტს სურდა ერის ერთიანობას მომსახურებოდა, რაც არის პრეზიდენტის საქმე, ან ეზრუნა ხალხის საჭიროებებზე და ყოფილიყო უნგრეთის ადამიანური სახე, არამედ ის დაინიშნა, რომ ხელი მოეწერა ყველაფერზე, ყველა დოკუმენტზე, რომლებსაც წარუდგენდნენ, იქნებოდა ეს: მენიუ, კონსტიტუცია თუ კანონები. ჩვენ არ გვჭირდება ასეთი ადამიანები. ეს არ არის პრეზიდენტი. ჩემთვის ის არ არის პრეზიდენტი. მან დაუშვა ქვეყნის ძარცვა, ეროვნული ბანკის ძარცვა; მას სიტყვა არ უთქვამს, როცა ათასობით უნგრელ ბავშვზე პედოფილები ძალადობდნენ - პედოფილები, რომლებიც ამ მთავრობამ დანიშნა, რომლებსაც აჯილდოებდა ეს მთავრობა ან რომლებსაც იწყალებდა ეს მთავრობა. პრეზიდენტს ამაზე სიტყვა არ დაუძრავს. ეს არ არის ნამდვილი პრეზიდენტი. იმედი მაქვს, ის მისმენს. შესაძლოა, წუხელ ვერ გაეგონა და გავიმეორებ: ის უნდა გადადგეს".
მადიარმა უპასუხა უკრაინის შესახებ დასმულ შეკითხვებს და აღნიშნა, რომ სურს მეგობრული ურთიერთობები "ყველა მეზობელ ქვეყანასთან". თქვა, რომ უკრაინაში ბევრი უნგრელი ცხოვრობს და მათ ინტერესებშია "სადაო საკითხების მოგვარება". "ტისას" ლიდერს სურს, რომ უკრაინაში მოგვარდეს უნგრელების მშობლიური ენის საკითხი.
მადიარის განცხადებით, უკრაინას აქვს სრული უფლება, დაიცვას თავი რუსეთის აგრესიისგან და არ შეიძლება ის ვინმემ აიძულოს, რომ დათმოს ტერიტორია:
"თუკი ვინმე ასეთ რამეს ამბობს - მიუხედავად იმისა, რამდენ ხანს ამბობდნენ ამას "ფიდესის" პარტიის პოლიტიკოსები, - უნდა ჰკითხოთ, რა მოხდება, თუკი რუსეთი უნგრეთს დაესხმება თავს: უნგრეთის რომელ რეგიონს დათმობდნენ ისინი? ეს აღმაშფოთებელია, ცინიკური განცხადებები არ შეეფერება ჩვენს გმირებსა და 1956 წელს თავისუფლებისთვის მებრძოლების ხსოვნას".
შეკითხვაზე, რას ეტყოდა ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, თუკი ის დაურეკავდა, მადიარი პასუხობს:
"ალბათ, ვეტყვი, რომ მოხარული ვარ, რომ დამირეკა და რომ აშშ და უნგრეთი არიან ძლიერი პარტნიორები ნატოში, ჩვენ მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორები ვართ, უნგრეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია აშშ-სი. და მე ვეტყოდი, რომ ჩვენ მზად ვართ ამ მჭიდრო ალიანსის შემდგომი გაფართოებისთვის და ყველა შესაძლებლობის გამოყენებისთვის. მე მოვიწვევდი პრეზიდენტს ოქტომბრის რევოლუციის 70-ე წლისთავზე 23 ოქტომბერს".
მადიარი ხაზს უსვამს, რომ უნგრეთში აუცილებელია აღდგეს ძალაუფლების კონტროლი და ანგარიშვალდებულება და ხაზს უსვამს ქვეყნის მოქალაქეთა ერთიანობის მნიშვნელობას, რადგან საზოგადოების დაყოფა, მისი თქმით, ყველაზე მეტად აზიანებს ქვეყანას - "ჩვენ გვსურს ეს ნაპრალები შევცვალოთ ერთიანი სახელმწიფოთი".
12 აპრილს უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციურმა "ტისას" პარტიამ, რომელიც მმართველი პარტია "ფიდესის" მთავარი კონკურენტი იყო. არჩევნების წინასწარი შედეგებით, პეტერ მადიარის პარტიას პარლამენტში სუპერუმრავლესობა ექნება და შეეძლება მნიშვნელოვანი ცვლილებების, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაც. "ფიდესის" ლიდერმა და უნგრეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პეტერ მადიარს 12 აპრილსვე მიულოცა არჩევნებში გამარჯვება.
ფორუმი