სააგენტოს შეფასებით, ეს დარტყმას აყენებს აშშ-ის ძალისხმევას, გაფართოვდეს კონტაქტი ამ ორ ქვეყანას შორის იმ ფონზე, როცა პაკისტანი ლიბანში მშვიდობას მიიჩნევს აუცილებელ პირობად ირანის ომის დასრულებისთვის.
აშშ-ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ წარმოებული ომი 2 მარტს გავრცელდა ლიბანზეც - ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჯგუფმა, ჰეზბოლამ თეირანის მხარდასაჭერად ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც ისრაელმა ლიბანზე შეტევა დაიწყო, 15 თვეში ბოლო მასშტაბური კონფლიქტის დასრულებიდან.
ჰეზბოლა მოიცავს გასამხედროებულ ჯგუფს და პოლიტიკურ პარტიას და ის სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს აკონტროლებს. ჯგუფს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს შეერთებული შტატები, თუმცა ევროკავშირს მხოლოდ მისი შეიარაღებული ნაწილი ჰყავს შავ სიაში შეყვანილი.
"ლიბანში მშვიდობა აუცილებელია [ირანის] სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის", - აცხადებს პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი, ტაჰირ ანდრაბი.
ოთხშაბათს, გვიან საღამოს ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტი შეიკრიბა ლიბანთან ცეცხლის შესაძლო შეწყვეტის განსახილველად. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავის პლატფორმაზე Truth Social წერდა, რომ ცდილობს "ამოსუნთქვის მცირე სივრცე" გააჩინოს ისრაელსა და ლიბანს შორის. ოთხშაბათს საღამოს ტრამპი ამბობდა, რომ ამ ქვეყნების ლიდერებს ერთმანეთთან დაახლოებით 34 წლის განმავლობაში არ უსაუბრიათ და რომ "ეს ხვალ მოხდება".
თუმცა სააგენტო Reuters-ს ლიბანის სამმა ოფიციალურმა პირმა ხუთშაბათს უთხრა, რომ პრეზიდენტი ჯოზეფ აუნი ახლო მომავალში არ გეგმავს სატელეფონო საუბარს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.
ლიბანის ხელისუფლება მკვეთრად არ ეთანხმება ჰეზბოლას გადაწყვეტილებას ომში ჩართულიყო. ხელისუფლებამ შარშანდელი წელი გაატარა ჰეზბოლას მშვიდობიანი განიარაღების მცდელობაში. ეს ჯგუფი 1982 წელსაა დაარსებული, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ.
ბეირუთმა ჰეზბოლას სამხედრო ნაბიჯები 2 მარტს აკრძალა.
ისრაელის და ლიბანის ელჩებმა სამშაბათს ვაშინგტონში იშვიათი მოლაპარაკება გამართეს, თუმცა ნეთანიაჰუსა და აუნს შორის კონტაქტი იქნებოდა მნიშვნელოვანი გარღვევა ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაში. ეს სახელმწიფოები ერთმანეთთან ომის მდგომარეობაში არიან ისრაელის დაარსებიდან, 1948 წლიდან.
ჰეზბოლა ეწინააღმდეგება კონტაქტს ლიბანსა და ისრაელს შორის.
ლიბანის ხელისუფლების მონაცემებით, 2 მარტის შემდეგ ისრაელის თავდასხმებს 2 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 1,2 მილიონზე მეტმა ადამიანმა სახლ-კარი დატოვა.
ჰეზბოლას თავდასხმებს შეეწირა ისრაელის ორი სამოქალაქო პირი, ლიბანში დაიღუპა 13 ისრაელელი სამხედრო - იუწყება ისრაელი.