საწვავზე აქციზის განახევრება, გადასახადების შემცირება - „ოპოზიციის ალიანსმა“ ფასების შესამცირებლად ინიციატივები დაასახელა

ფოტოზე: გიორგი ვაშაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიგა ბოკერია

ცხრა ოპოზიციური პარტიის ახალი ალიანსი - „ოპოზიციის ალიანსი“ - საქართველოში არსებული ფასების შემცირების მიზნით საწვავზე აქციზის გადასახადის განახევრებას, ხოლო დამატებითი ღირებულებისა და საშემოსავლო გადასახადების თითო-თითო პროცენტით შემცირებას ემხრობა.

17 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ალიანსის სახელით განცხადება გააკეთეს პოლიტიკოსებმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ („გირჩი - მეტი თავისუფლება), გიგა ბოკერიამ („ფედერალისტები“) და გიორგი ვაშაძემ („სტრატეგია აღმაშენებელი“).

გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „სხვა ქვეყნებში“, სადაც ფასები სწრაფად გაიზარდა, ხელისუფლებები შესაბამის ნაბიჯებს დგამენ, „ჩვენთან კი პირიქით არის, უფრო გვიძვირებენ ცხოვრებას“.

ოთხი ნაბიჯი - ₾1.6 მილიარდის დანაზოგი

როგორც პოლიტიკოსებმა თქვეს, ვითარებისა და მოქალაქეებზე ფინანსური წნეხის შესამსუბუქებლად საჭიროა შემდეგი ნაბიჯები:

  1. საწვავზე აქციზის გადასახადის, მინიმუმ, განახევრება;
  2. დღგ-ის ერთი პროცენტული პუნქტით შემცირება;
  3. საშემოსავლო გადასახადის ერთი პროცენტული პუნქტით შემცირება;
  4. ასევე, მოგებისა და დივიდენდის გადასახადების ერთი პროცენტული პუნქტით შემცირება.

„ალიანსის“ გამოთვლებით, მხოლოდ ეს ნაბიჯები ნიშნავს „1.6 მილიარდი ლარის დატოვებას ადამიანების ჯიბეში“.

„ოპოზიციის ალიანსს კონკრეტული გზავნილი აქვს ხალხისთვის: დიახ, შესაძლებელია, თქვენ შეღავათი გქონდეთ, მაგრამ ამ შეღავათს, ბოროტები მანქანა, რომელიც მმართავს ქვეყანას, არ გიკეთებენ“, - თქვა გიორგი ვაშაძემ.

ამჟამად საშემოსავლო გადასახადი - რომელიც ყველასთვის უნივერსალურია - 20%-ს შეადგეს; ხოლო დღგ - 18%-ს; მოგების გადასახადი 15%-ია, დივიდენდისა კი - 5%.

ფაქტორების ჩამონათვალი - პარტიების მოსაზრება

„ალიანსის“ თანახმად, ფასების ზრდასა და მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენას არაერთი ფაქტორი ახდენს, რომელთა შორისაც დაასახელეს:

  • „საგადასახადო ტვირთის ზრდა 24.8%-დან 26.7%-მდე“;
  • „პოლიტიკური დაკვეთით, ეროვნული ბანკის მიერ ფულის მასის ხელოვნური ზრდა“;
  • „შიდა ვალის ზრდა“ - 2012 წლის 2 მლრდ-იდან დან 2026 წლისთვის 12 მლრდ-მდე;
  • „ინვესტიციების შემცირება: 2022 წლის მაჩვენებლიდან, 2 მლრდ აშშ დოლარიდან 2025 წლის 1.7 მლრდ აშშ დოლარამდე“;
  • „ბენზინზე აქციზის ზრდა: თუკი 2017 წლამდე 250 ლარი იყო, ახლა - 500 ლარია“;
  • „დიზელზე აქციზის ზრდა: 2017 წლამდე 150 ლარი, ამჟამად 400 ლარი“;
  • „კორუფციული და კრიმინალური ხარჯი“;
  • „ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელი ნაბიჯების მიღმა შემოღებული რეგულაციები“.

პარტიებმა არსებული ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის გზად დღეს დაასახელეს საგადასახადო ტვირთისა და ბიუროკრატიის ზომის „არსებითად შემცირება“, ასევე, ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და ა.შ..

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ჯერჯერობით ოპოზიციის ინიციატივებისათვის არ უპასუხიათ. ზოგადად, ისინი აცხადებენ, რომ „რადიკალური ოპოზიციის“ მიზანი საქართველოს „ეკონომიკური დაზიანებაა“.

ალიანსი, რომლის ერთ-ერთი პრინციპია „ერთობა ერთფეროვნების გარეშე“, შეიკრა 2026 წლის მარტის დასაწყისში და მასში გაწევრიანდნენ პარტიები:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ფედერალისტები“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ და „თავისუფლების მოედანი“.

ასევე ნახეთ

ოპოზიციის ალიანსი „ეროვნული მობილიზაციის კამპანიას“ იწყებს და 26 მაისს აქციას აანონსებს
  • საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკმა) ელექტროენერგიის დადგენილი ტარიფები 30 მარტს დაახლოებით ხუთი თეთრით გაზარდა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.
  • კატეგორიების მიხედვით ზრდის პროცენტული მაჩვენებელი თბილისსა და რეგიონებში 17-დან 33%-მდე მერყეობს.
  • ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმ დროს, როდესაც ირაკლი კობახიძის მიერ პროდუქტების სიძვირეზე ხაზგასმის შემდეგ, პარლამენტში მუშაობს ფასების შემსწავლელი კომისია; ხოლო სუსს გამოძიება აქვს დაწყებული მაღალი ფასების საკითხზე.

ასევე ნახეთ

“20-25 წლით ჩამოვრჩებით აღმოსავლეთ ევროპას, 35 წლით დასავლეთ ევროპას” - სურსათის სიძვირე ერთი პასუხით ისევ არ იხსნება