Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის ალიანსი „ეროვნული მობილიზაციის კამპანიას“ იწყებს და 26 მაისს აქციას აანონსებს

ოპოზიციის ალიანსის წევრი პარტიების ლიდერები
ოპოზიციის ალიანსის წევრი პარტიების ლიდერები

ცხრა ოპოზიციური პარტიის ახალი ალიანსი დღეს, 31 მარტს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის წლისთავზე საზოგადოებას მიმართავს, - აანონსებს „ეროვნული მობილიზაციის კამპანიის“ დაწყებას. მათი თქმით, კამპანიის კულმინაცია იქნება 26 მაისს გამართული აქცია.

„დღეს, 31 მარტს, ოპოზიციის ალიანსი ვაცხადებთ, რომ ვიწყებთ ერთობლივ - ეროვნული მობილიზაციის კამპანიას“, - განაცხადა ალიანსის სახელით ზურაბ ჯაფარიძემ, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ დამფუძნებელმა.

„ეს არის ოპოზიციის ალიანსის ინიციატივა, მაგრამ ახლავე გვინდა ვთქვათ - ეს არ არის არც ამ 9 პარტიის და არც რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკური ჯგუფის კამპანია. ეს არის საქმე, რომელიც ყველას გასაკეთებელია“, - განაცხადა მან.

ვინ არის ალიანსში

ალიანსი, რომლის ერთ-ერთი პრინციპია „ერთობა ერთფეროვნების გარეშე“, შეიკრა 2026 წლის მარტის დასაწყისში და მასში გაწევრიანდნენ პარტიები:

  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
  • „ფედერალისტები“;
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“;
  • „ახალი“;
  • „გირჩი - მეტი თავისუფლება“;
  • „დროა“;
  • „ევროპული საქართველო“;
  • „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“;
  • „თავისუფლების მოედანი“.

31 მარტი და 26 მაისი

„35 წლის წინ, დღევანდელ დღეს, 31 მარტს, საქართველოს მოქალაქეებმა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩატარებულ რეფერენდუმში გამოხატეს თავისი ურყევი ნება აღდგეს საქართველოს დამოუკიდებლობა, დამოუკიდებლობა, რომელიც ჯერ კიდევ 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა“, - თქვა ჯაფარიძემ.

ალიანსის განმარტებით ორივე ეს თარიღი, - 31 მარტი და 26 მაისი - „არის უმნიშვნელოვანესი თარიღები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში“.

„ორივე დაკავშირებულია ქართველი ერის უმნიშვნელოვანეს გამოწვევასთან - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხთან. ჩვენ გვჯერა, რომ დღესაც საქართველო იდენტური გამოწვევის წინაშე დგას“, - თქვა მან.

ხუთი მიზანი

ალიანსის წევრების თანახმად, მათ ამ კამპანიის დაწყებისას ხუთი მიზანი აქვთ:

  1. „გავზარდოთ პირდაპირი, პირისპირი კომუნიკაცია მოქალაქეებთან“;
  2. „გავანეიტრალოთ რეჟიმის პროპაგანდა“;
  3. „ის ბრაზი, პროტესტი და ცვლილების სურვილი, რომელიც უკვე წლებია არსებობს საზოგადოებაში, უნდა გადავაქციოთ რეალურ პოლიტიკურ ქმედებად“.
  4. „უნდა დავამარცხოთ შიში, რომელიც ამ რეჟიმმა წლების განმავლობაში მიზანმიმართულად დანერგა“;
  5. „უნდა გავზარდოთ პროტესტში ჩართული ადამიანების რაოდენობა, იმიტომ, რომ ცვლილება არ ხდება მხოლოდ საუბრით - ცვლილება ხდება, როცა ბევრი ადამიანი დგება ერთად. ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა 35 წლის წინ, 31 მარტის რეფერენდუმზე“.

ალიანსის თანახმადვე, კამპანია გაგრძელდება 2 თვის განმავლობაში და „მისი სიმბოლური კულმინაცია“ იქნება 26 მაისს, როდესაც დამოუკიდებლობის დღეს თბილისში „დიდი, ხალხმრავალი აქცია“ გაიმართება.

„ქართული ოცნების“ ლიდერები „ოპოზიციურ ალიანსს“, - რომელიც წარსულში ერთმანეთთან დაპირისპირებულ, განსხვავებულ პარტიებს აერთიანებს, - უწოდებენ „ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრების ერთობას“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG