პარტია „ძლიერი სომხეთის“ პრორუსი ლიდერი, მილიარდერი ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი შინაპატიმრობაში დარჩება. დღეს, 17 აპრილს, სასამართლომ დააკმაყოფილა სომხეთის პროკურორის შუამდგომლობა და კარაპეტიანს პატიმრობა კიდევ 3 თვით გაუხანგრძლივა.
მას ფულის გათეთრებასა და გადატრიალებისკენ მოწოდებას ედავებიან - იგი ორივე ბრალდებას უარყოფს.
ასევე ნახეთ
სომხეთში მილიადერი ოპოზიციონერი რუსეთის მოქალაქეობის დათმობას გეგმავსშინაპატიმრობაში მყოფი კარაპეტიანი დღეს სასამართლოში პოლიციის მანქანით მიიყვანეს.
სანამ სასამართლო ბიზნესმენის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავდა, მისი პარტიის წევრები და მხარდამჭერები სასამართლოს ეზოში მისი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავდნენ.
პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა გზის გახსნა სცადეს. წინააღმდეგობის გაწევისას პოლიციამ დემონსტრანტების შევიწროება დაიწყო, რასაც აქციის მონაწილეთა დაკავება მოჰყვა.
სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის 17 ადამიანი დააკავეს.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „სამველი პრემიერ-მინისტრი!“ და „თავისუფლება!“
- სამველ კარაპეტიანს, - რომლის პარტია „ძლიერ სომხეთს“ საზოგადოებრივი აზრის კვლევებში 11% აქვს, - პრემიერ-მინისტრობის ამბიცია აქვს.
- მიმდინარე კვირაში „ძლიერი სომხეთის“ 14 წევრი დააკავეს - მათ საარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვა და ქრთამის მიღება ედებათ ბრალად. პარტია ფაშინიანის გუნდს „რეპრესიებში“ ადანაშაულებს.
- დაკავებებს ორი კვირით წინ უსწრებდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გაფრთხილება ნიკოლ ფაშინიანისადმი, სომხეთში ხელი არ შეუშალოს პრორუსული ძალების სრულყოფილად მონაწილეობას არჩევნებში.
„ძლიერი სომხეთი“ და პუტინის გაფრთხილება
„ძლიერი სომხეთი“ არის პრორუსული ოპოზიციური პარტია, რომელიც დაფუძნებულია რუსეთისა და სომხეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე მილიარდერი ბიზნესმენის, სამველ კარაპეტიანის ინიციატივით.
კარაპეტიანი 2025 წლის 18 ივნისს დააკავეს, რამდენიმე თვის განმავლობაში პატიმრობაში იყო, 2026 წლის იანვრიდან კი შინაპატიმრობაშია.