Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში პრორუსი ოპოზიციონერი მილიარდერის პარტიის 14 წევრი დააკავეს

სამველ კარაპეტიანი სასამართლოში მიყვანის დროს. 2026 წლის 15 აპრილი
სამველ კარაპეტიანი სასამართლოში მიყვანის დროს. 2026 წლის 15 აპრილი

სომხეთში შინაპატიმრობაში მყოფი მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ 14 წევრი დააკავეს - მათ საარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვა და ქრთამის მიღება ედებათ ბრალად. პარტია ფაშინიანის გუნდს „რეპრესიებში“ ადანაშაულებს.

დაკავებებს ორი კვირით წინ უსწრებდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გაფრთხილება ნიკოლ ფაშინიანისადმი, ხელი არ შეუშალოს სომხეთში პრორუსული ძალების არჩევნებში სრულყოფილად მონაწილეობას.

რადიო თავისუფლებას სომხეთის „ანტიკორუფციულმა კომიტეტმა“ განუცხადა, რომ სომხეთის ქალაქ არტაშატში დააკავეს 14 ადამიანი და მათ ბრალი წარუდგინეს საარჩევნო პერიოდში „ქრთამის მიცემასა“ და „ქრთამის აღებაში“.

ბრალდების თანახმად, რომ პარტიის თანამშრომლებად დარეგისტრირებული ადამიანების ჯგუფი და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაცია არტაშატში მცხოვრებ ამომრჩევლებს წინასაარჩევნოდ ქრთამს ურიგებდნენ.

„რეპრესიები“ - ამბობენ პარტიაში

მათი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვაჰან ჰოვანესიანი ამბობს, რომ პარტიის ოფიციალურად რეგისტრაციამდეც კი („ძლიერი სომხეთი“ ოფიციალურად მცირე ხნის წინ დარეგისტრირდა), თანხები ხელფასების სახით გაიცემოდა „საზოგადოებრივი ორგანიზაციის“ თანამშრომლებზე.

კარაპეტიანის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პარტიის სპიკერი მარიანა ღაჰრამიანი აცხადებს, რომ ბრალდება „შეკერილია“. მისი თქმითვე, დაკავებულთა ადვოკატებს არ ეძლევათ პროფესიული საქმიანობის ჯეროვნად შესრულების საშუალება.

პარტიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, დავით ღაზინიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას სამართალდამცველების ქმედებები არჩევნების წინ მათი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ „რეპრესიად“ შეაფასა.

„შეკერილი საქმეების ეპოქა დასრულდა“ - ამბობენ მმართველ გუნდში

საპარლამენტო ფრაქცია „სამოქალაქო კონტრაქტის“ თავმჯდომარემ, ნიკოლ ფაშინიანის თანაგუნდელმა, არტურ ჰოვანესიანმა დაკავებებსა და ბრალდებებზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს სამართლებრივი ქმედებებია და „კანონის წინაშე ყველა თანასწორია და პასუხი უნდა აგოს“.

„ძლიერი სომხეთი“ პარტიად რეგისტრირებულია, თუმცა ჯერ სომხეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებისათვის რეგისტრაცია არ გაუვლია.

ჟურნალისტების კითხვაზე, ამზადებს თუ არა ხელისუფლება მსგავსი ნაბიჯებით ნიადაგს იმისთვის, რომ „ძლიერი სომხეთი“ არჩევნებში არ დაარეგისტრიროს, არტურ ჰოვანესიანმა უპასუხა, რომ „შეკერილი საქმეების ეპოქა დიდი ხანია დასრულდა“.

„ძლიერი სომხეთი“ და პუტინის გაფრთხილება

„ძლიერი სომხეთი“ არის პრორუსული ოპოზიციური პარტია, რომელიც დაფუძნებულია რუსეთისა და სომხეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე მილიარდერი ბიზნესმენის, სამველ კარაპეტიანის ინიციატივით.

კარაპეტიანი 2025 წლის 18 ივნისს დააკავეს, რამდენიმე თვის განმავლობაში პატიმრობაში იყო, 2026 წლის იანვრიდან კი შინაპატიმრობაშია.

სწორედ სამველ კარაპეტიანი არის ის, ვისაც, სავარაუდოდ, გულისხმობდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან პირველ აპრილს გამართულ შეხვედრაზე.

  • მედიის თანდასწრებით, პუტინმა გააფრთხილა სომხეთის პრემიერ-მინისტრი, რომ ხელისუფლებას არ აეკრძალა ქვეყნის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება იმ ოპოზიციური პარტიებისა თუ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც პუტინმა დაახასიათა, როგორც „პრორუსული“.
  • ზოგიერთი მათგანი ამჟამად დაკავებულია, „მიუხედავად იმისა, რომ რუსული პასპორტები აქვთ“, - თქვა პუტინმა, რითაც მკაფიოდ მიანიშნა სამველ კარაპეტიანზე, რუს-სომეხ მილიარდერზე, რომელიც პატიმრობაშია.

ფაშინიანმა პასუხად განაცხადა, რომ სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს, როგორიცაა კარაპეტიანი, არ შეუძლიათ პრემიერმინისტრობა ან თუნდაც პარლამენტში ადგილების დაკავება.

მეორე დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას, ფაშინიანმა გამოთქვა ვარაუდი, რომ პუტინს არ ჰქონდა ინფორმაცია ამ კონსტიტუციური შეზღუდვის შესახებ.

2026 წლის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებისთვის ევროკავშირმა სომხეთში გაგზავნა „სწრაფი რეაგირების ჰიბრიდული ჯგუფი“, რათა ქვეყანას დაეხმარონ „უცხოეთის საინფორმაციო მანიპულირებასთან და ჩარევასთან“ (FIMI) ბრძოლაში.

ამჟამად ევროკავშირი სომხეთში კიდევ ერთი სამოქალაქო მისიის გაგზავნას გეგმავს, - ორწლიანი მისიის ამოცანა იქნება სომხეთში „რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი საქმიანობის“ წინააღმდეგ ბრძოლა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG