იემენელი ჰუთები დაიმუქრნენ, რომ ჩაკეტავენ ბაბ-ელ-მანდების სრუტეს

საილუსტრაციო ფოტო: იემენელი ჰუთები სანაას მახლობლად. 22 იანვარი, 2024.

იემენელმა ჰუთებმა შესაძლოა ბაბ-ელ-მანდების სრუტე დაკეტონ, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ შეწყვეტს „ყველა ქმედებას, რომელიც ხელს უშლის მშვიდობას“.

ასეთი განცხადება გააკეთა ჰუთების მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჰუსეინ ალ-ეზიმ. მისი სიტყვებით, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, „მთელი კაცობრიობა და ჯინები სრულიად უძლური აღმოჩნდებიან მის გასახსნელად“.

„ამიტომ, ტრამპისთვის - და იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მას არ ეწინააღმდეგებიან - ჯობია, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პოლიტიკა, რომელიც აბრკოლებს მშვიდობას და გამოავლინონ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის უფლებების მიმართ პატივისცემა,“ განაცხადა ალ-ეზიმ.

ბაბ-ელ-მანდების სრუტე წითელ ზღვას აკავშირებს ადენის ყურესთან. მასში გადის მსოფლიოში საზღვაო გზებით ნავთობით ვაჭრობის დაახლოებით 12% და გათხევადებული ბუნებრივი აირით ვაჭრობის 8%.

ასევე ნახეთ

ბაბ-ელ-მანდების სრუტე - შემდეგი ცხელი წერტილი ირანის ომში?

დაჯგუფება „ანსარ ალაჰი“, დაჯგუფება, რომელიც ჰუთების სახელითაა ცნობილი და რომელსაც ირანი უჭერს მხარს, აკონტროლებს იემენის მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის დედაქალაქ სანას.

17 აპრილს, მას შემდეგ, რაც ისრაელი და ლიბანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, ირანმა ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ გააკეთა განცხადება. თუმცა, მომდევნო დღეს მან ის კვლავ დახურა იმ მოტივით, რომ აშშ-მა არ მოხსნა ირანის საზღვაო პორტების ბლოკადა. თეირანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეზღუდვები ძალაში დარჩება მანამ, სანამ ვაშინგტონი ბლოკადას არ მოხსნის. იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰორმუზის სრუტეში გავლის მცდელობისას სულ მცირე ორ სავაჭრო გემს გაუხსნეს ცეცხლი.

ჰორმუზის სრუტე მსოფლიოს ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი აირის 20%-ზე მეტს ატარებს.

ასევე ნახეთ

რა უნდა ვიცოდეთ აშშ-ის მხრიდან ირანის საზღვაო ბლოკადაზე