მას შემდეგ, რაც გასული კვირის ბოლოს წარუმატებლად დასრულდა აშშ-ისა და ირანის დელეგაციების სამშვიდობო მოლაპარაკებები, ძალაში შევიდა ამერიკის მიერ იმ გემების ბლოკადა, რომლებიც ირანის პორტებსა და სანაპირო რეგიონებში შედიან. ეს კი წარმოშობს დილემას: რისკზე წასვლა და ჰორმუზის სრუტის მახლობლად განლაგებული ირანული ძალების მხრიდან თავდასხმების სამიზნედ ქცევა თუ დალოდება იმ გემების ხელში ჩაგდების იმედად, რომლებიც ღია ზღვაში გასვლას შეეცდებიან.
ეს ნაბიჯი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უკანასკნელი მცდელობაა, აიძულოს ირანი, რომ დათმობებზე წავიდეს, მათ შორის იკისროს ვალდებულება, რომ უარი თქვას ბირთვული იარაღის ან მისი შექმნისთვის საჭირო საშუალებების მოპოვებაზე.
ამას წინ უძღოდა ავიადარტყმები, რომლებიც ერთ თვეზე მეტხანს გრძელდებოდა, და დიდი ხნის განმავლობაში მოქმედი ეკონომიკური სანქციები.
სამხედრო ასპექტი
ვაშინგტონს რეგიონში მოეპოვება მნიშვნელოვანი სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალები. მოელიან, რომ ისინი ბლოკადის განხორციელებას უზრუნველყოფენ. ზოგიერთის აზრით, ეს ნიშნავს ავიადარტყმებიდან გადასვლას სამოქალაქო გემების ხელში ჩაგდებაზე.
თუ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები ამის გაკეთებას შეეცდებიან ჰორმუზის სრუტეში ან მის მახლობლად, - ვიწრო საზღვაო გასასვლელში, რომლის გავლითაც აწარმოებს ირანი საზღვაო ექსპორტს, - შესაძლოა ამან საფრთხე შეუქმნას აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებს და ისინი ირანის დრონების, რაკეტებისა და მცირე ზომის სწრაფმავალი ხომალდების სამიზნედ აქციოს.
აშშ-ისა და ისრაელის მიერ რამდენიმე კვირის განმავლობაში წარმოებულმა დაბომბვამ სერიოზულად დაასუსტა ირანის პოტენციალი, მაგრამ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს მოეპოვება საკუთარი სამხედრო-საზღვაო ქვედანაყოფები, რომლებიც ამ პატარა ხომალდებისგან შედგება და რომლებიც განაგრძობენ სპარსეთის ყურეში გემებზე თავდასხმებს.
„თუკი ამ გემებიდან რომელიმე მიუახლოვდება ჩვენს ბლოკადას, ისინი განადგურდებიან,“ დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში მას შემდეგ, რაც ბლოკადა ძალაში შევიდა.
შესაძლებელია რისკის შემცირება.
იმის გათვალისწინებით, რომ, მაგალითად, ირანის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90% ჩინეთში მიდის, თეორიულად, აშშ-ის ჯარებს შეეძლოთ დაეცადათ და ბლოკადა ეკონტროლებინათ ისეთი დაშორებიდან, რომელზეც ისინი უფრო დაცულები იქნებოდნენ.
„მათ შეუძლიათ განლაგდნენ სპარსეთის ყურის გარეთ... [ჰორმუზის] სრუტის ფიზიკურად კონტროლის გარეშე,“ - უთხრა რადიო თავისუფლებას ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილმა ოფიცერმა მოჰამედ ფარსიმ. - „მათ არ სჭირდებათ სრუტის შიგნით ყოფნა“.
მაგრამ ფარსიმ ეჭვქვეშ დააყენა ასეთი მიდგომის ეფექტიანობა. ეს ნიშნავს, რომ საჭირო იქნებოდა ზღვის ბევრად უფრო ფართო მონაკვეთის კონტროლი 30-კილომეტრიანი საზღვაო გზის გაკონტროლების ნაცვლად.
ავსტრიის დაზვერვის, პროპაგანდისა და უსაფრთხოების სფეროების კვლევითი ცენტრის (ACIPSS) ექსპერტი ჯერემი შტიოსი ფიქრობს, რომ ეს რთული იქნება.
„დისტანციაზე ბლოკადა საკმაოდ სერიოზული პრობლემა იქნება აშშ-ის ძალებისთვის საბრძოლო მოქმედებების თეატრში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო გემები აქტიურობას შეწყვეტენ, რათა თავი აარიდონ დაკავებას,“ - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
„აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებს არ ჰყოფნით მცირე ზომის წყალზედა სამხედრო ხომალდები, როგორებიცაა ფრეგატები, და მსგავსი ამოცანების შესასრულებლად მათ მოუწევთ, აამოქმედონ Arleigh Burke-ის კლასის გამანადგურებლები და სხვა უფრო სრულყოფილი საშუალებები,“ - დასძინა მან.
ეკონომიკური ზემოქმედება
ირანთან დაკავშირებული გემების წინააღმდეგ მოქმედებას აქვს მკაფიო ეკონომიკური ლოგიკა, რაც ჩამოყალიბებულია აშშ-ის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ მასალებში.
„ნავთობიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც ჩინეთიდან მოდის, ირანის სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით 45 პროცენტს შეადგენს,“ - ნათქვამია აშშ-ის კონგრესის მიერ 16 მარტს გამოქვეყნებულ საინფორმაციო ბიულეტენში.
უკანასკნელ კვირებში, მას მერე, რაც ირანმა საკუთარი ხომალდების გარდა სხვებს თითქმის სრულად ჩაუკეტა ჰორმუზის სრუტე საზღვაო მიმოსვლისთვის, ამას აღწერდნენ როგორც მხუთავ მექანიზმს მსოფლიო ეკონომიკისთვის, რომელსაც გადაეკეტა წვდომა ნავთობზე, გაზსა და სხვა მნიშვნელოვან ნედლეულზე.
აშშ-ის ბლოკადის მიზანია, მოგუდოს ირანის ეკონომიკა, რომელიც ნავთობის ექსპორტიდან კვლავაც იღებს მოგებას მიუხედავად ომისა, რომელიც 28 თებერვალს დაიწყო აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმებით.
„ირანმა ფაქტობრივად მოახერხა დიდი მოცულობის ნავთობის ექსპორტირება, პრაქტიკულად იმდენივესი, რამდენისაც შარშან იმავე თვეში,“ - უთხრა 13 აპრილს რადიო თავისუფლებას ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევითი ცენტრის (CREA) ანალიტიკოსმა აიზეკ ლევიმ.
„თუკი აშშ ამას დაბლოკავს, ეს ირანის რეჟიმს ხელს შეუშლის მნიშვნელოვანი მოგების მიღებაში, მაგრამ მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდას გამოიწვევს... ლაპარაკია [თვეში] 54 მილიონ ბარელზე მაშინ, როცა ამჟამად მიწოდების დიდი დეფიციტია,“ - დასძინა მან.
ეს საფრთხე ნათელი გახდა ბლოკადის გამოცხადებიდან უკვე რამდენიმე საათში. ევროპაში ბარელი ნედლი ნავთობის ფასებმა 150 დოლარს მიაღწია. ეტალონური Brent-ის მარკის ფასმა 100 დოლარს გადააჭარბა. ამან გაზარდა ფასების ზეწოლა, რაც მთელს მსოფლიოზე ვრცელდება.
„ბატონი ტრამპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს როგორც აშშ-ის ეკონომიკისთვის, ისე ზოგადად საზოგადოების შეკავშირებულობისთვის. ეს განსაკუთრებულ ტვირთად დააწვება ამერიკელ მომხმარებლებს ბენზინგასამართ სადგურებზე,“ - განუცხადა 13 აპრილს რადიო თავისუფლების სპარსულენოვან სამსახურს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ლექტორმა მაჰამედ ღაედიმ.
ირანის კონტრზომებმა შესაძლოა გააღრმაოს ეკონომიკური ზარალი, თქვა მან და დასძინა, რომ იემენში ირანის მხარდაჭერით მოქმედმა ჰუთების ბრძოლამ, რაც მიზნად ისახავს ახლო აღმოსავლეთის კიდევ ერთი საკვანძო საზღვაოსნო მარშრუტის, ბაბ ალ-მანდაბის სრუტის ჩაკეტვას, შეიძლება „ბაზარს გლობალური ენერგომომარაგების დაახლოებით 12 პროცენტი მოაკლოს“.
ჩინეთი
ბლოკადას შეიძლება სერიოზული დიპლომატიური შედეგები მოჰყვეს.
არ არის ნათელი, შედიან თუ არა ირანის პორტებში ჩინეთის დროშით მცურავი გემები. ისტორიულად ისეა, რომ ნავთობის ჟანგიანი ტანკერების ფლოტები, რომლებსაც ირანი, რუსეთი და ვენესუელა იყენებდნენ, ძირითადად სიერა-ლეონეს, გაბონის ან მარშალის კუნძულების დროშებით დაცურავდნენ. ბლოკადის დაცვის უზრუნველსაყოფად სავარაუდოდ სწორედ ისინი იქნება აშშ-ის ზომების სამიზნე.
მაგრამ ტრამპის შედარებით ადრე გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ბლოკადა ასევე გავრცელდება ხომალდებზე, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში გავლისთვის ირანს გადასახადს უხდიან.
„ჩვენს სამხედრო-საზღვაო ძალებს ასევე დავავალე, საერთაშორისო წყლებში ეძებონ და დააკავონ ყოველი ხომალდი, რომელმაც გადასახადი გადაუხადა ირანს. ღია ზღვაში ვერ გადაადგილდება ვერავინ, ვინც უკანონო გადასახადს იხდის,“ - თქვა მან.
საზღვაო დაზვერვის სფეროში მომუშავე კომპანია Windward-ის მონაცემებით, ჩინეთის ორი ხომალდი - ტანკერი He Rong Hai და მშრალტვირთიანი გემი Jin Hai Hua – 10 აპრილს დავიდა სრუტიდან. თავიანთი მარშრუტი ორივემ დაიწყო არაბთან გაერთიანებულ საამიროებში, არა ირანში.
არ არის ნათელი, გადაიხადეს თუ არა მათ ირანის მიერ დაწესებული გადასახადი - ხომალდზე 2 მილიონი დოლარი - იმისთვის, რომ ხომალდების მცირე რაოდენობით მიმოსვლა მაინც უზრუნველყონ ერთ დროს გაცხოველებული საზღვაო მარშრუტით. თუკი ასეთი ფინანსური ანგარიშსწორება კრიპტოვალუტით მოხდა, მისი კვალის მიგნება პრაქტიკულად შეუძლებელია.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ ბლოკადის თაობაზე გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის გამოიყენება გემების მიმართ, რომლებიც შევლენ ირანის „სანაპირო რაიონებში“. ეს მოიცავს მარშრუტს, რომელსაც აქამდე იყენებდა ბევრი გემი თეირანის ნებართვით.
ნებისმიერ შემთხვევაში აშშ-ის სამხედრო-საზღვარო ძალების მიერ ჩინეთის დროშით მცურავი გემის ხელში ჩაგდებამ ან აბორდაჟმა შეიძლება სერიოზული დიპლომატიური დაძაბულობა გამოიწვიოს მაშინ, როცა მომავალ თვეში მოელიან ტრამპის ვიზიტს პეკინში, ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან შესახვედრად.
ეკონომიკური თვალსაზრისით, მართალია, ჩინეთი დამოკიდებულია ირანიდან ნავთობის იმპორტზე, მაგრამ მან შეიძლება მყისიერი დარტყმა მოიგერიოს ნავთობის დიდი მარაგის წყალობით, რომელიც ამ კონფლიქტამდე დააგროვა. მას ასევე შეუძლია გამოიყენოს საკმაოდ დიდი მოცულობის ირანული ნავთობი, რომელიც უკვე ზღვაზეა და რომლის დიდი ნაწილი უკვე იმყოფება ჩინეთის ნაპირებთან.
გარდა ამისა, ირანიდან მიღებული ნავთობი ჩინეთის მიერ საზღვაო გზებით იმპორტირებული ნავთობის 8 პროცენტს შეადგენს. ჩინეთს ამ მოცულობის მოპოვება სხვა წყაროებიდან შეუძლია.
„მაგრამ ცხადია, რომ ჩინეთი ამ სანქცირებულ ნავთობს იმიტომ ყიდულობს დიდი რაოდენობით, რომ ის დიდი ფასდაკლებით იყიდება,“ - თქვა ლევიმ და დასძინა, რომ სხვა წყაროდან ამ ნავთობის ჩანაცვლება ბევრად უფრო ძვირი იქნებოდა, რაც გავლენას მოახდენდა ჩინეთის მცირე ზომის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რომლებიც მინიმალური მოგებით მუშაობენ.