ცვლილება კანონპროექტში არ ეხება სახელმწიფო უწყებების მიერ ავტომობილების შესყიდვის პროცესს.
კანონპროექტი ითვალისწინებს „სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის“, მათ შორის ავტომობილებისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის აქციზის გადასახადისგან გათავისუფლებას.
რას ნიშნავს „სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონელი“?
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის ტერმინთა განმარტების თანახმად, „სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონელი შეიძლება იყოს:
- საქართველოს სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სახელმწიფოს საკუთრებაში „მიქცეული ქონება“;
- ანუ ქონება, რომელიც კანონის საფუძველზე, სასამართლოს ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილებით, კერძო პირიდან გადადის სახელმწიფოს ხელში, - იქნება ეს დანაშაულში გამოყენებული ან დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სასამართლოს გზით კონფისკაცია თუ უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული აქტივების ჩამორთმევა;
- ასევე, სახელმწიფოს საკუთრებაში მემკვიდრეობის ან ჩუქების გზით გადასული, პრივატიზებისადმი დაქვემდებარებული ქონება;
- სახელმწიფოს საკუთრებაში გადასული უპატრონო ან უმკვიდრო ქონება;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საკონტროლო შესყიდვის შემდეგ დაუბრუნებელი საქონელი და ა.შ..
აქამდე კანონი ასეთი ფორმით სახელმწიფოს საკუთრებაში მოხვედრილი ქონების აქციზით დაბეგვრას ითვალისწინებდა - ცვლილებებით კი მასზე გამონაკლისი დაწესდება.
ინიციირებული კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებას „საგადასახადო კოდექსში“ - ცვლილებები პარლამენტში მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა წარადგინეს.
ახალი კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ:
- „იმ შემთხვევებში, როდესაც აქციზის გადასახადით დასაბეგრი საქონელი გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში, სახელმწიფოს უჩნდება ვალდებულება, მოახდინოს მისთვის გადაცემული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა და შესაბამისად, აქციზის გადასახადით დაბეგვრა“;
- ეს კი, ავტორთა თანახმად, „დამატებით ტვირთად აწვება სახელმწიფო ბიუჯეტს და ართულებს ასეთი საქონლის სახელმწიფოს მხრიდან შემდგომ განკარგვას“.
- ამ ცვლილებით, ავტორების თანახმადვე, „სახელმწიფო გათავისუფლდება თავის საკუთრებაში არსებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას აქციზის გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან, რასაც ეკონომიკური შინაარსი არ გააჩნია“.
ცვლილება, განმარტებითი ბარათის თანახმადვე, ეხება არა მხოლოდ მსუბუქ ავტომობილებს, არამედ ნავთობპროდუქტებს, ალკოჰოლურ სასმელებსა და იმპორტის აქციზით დასაბეგრ სხვა საქონელს - „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევისას“.
კანონპროექტის ინიციატორებს შორის არიან პოლიტიკოსები „ქართული ოცნებიდან“ შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი. გარდა ამისა, მათი კოლეგები თორნიკე ბერეკაშვილი, ლევან მაჭავარიანი, მარიამ ლაშხი.
კანონპროექტი დაჩქარებული სახით არ განიხილება.