"არ იწვევს დაზიანებას" - კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ბოლნისის სიონში რემონტზე

ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს ბოლნისის სიონში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით. სამუშაოების ამსახველი ვიდეოები მანამდე სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა. ვიდეოებში ჩანს, როგორ თხრიან იატაკს ელექტროტექნიკით, ე.წ. პერფორატორით.

სააგენტოს თანახმად, ბოლნისის სიონში სარეაბილიტაციო სამუშაოებო ტარდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.

სამუშაოები მოიცავს, მათ შორის, "ტაძრის ინტერიერში 1970-იან წლებში მოწყობილი ბაზალტის იატაკის დემონტაჟს, რომელიც განთავსებულია ბეტონის დუღაბზე. ჩატარებული კვლევითი სამუშაოების ფარგლებში, ინტერიერში განხორციელებული შურფირების შედეგად, სამხრეთი კედლის პილასტრის ძირში და სამხრეთი მინაშენის დასავლეთ ნაწილში გამოვლინდა ადრინდელი პერიოდის იატაკი, აგრეთვე პილასტრის ბაზა სრულყოფილი სახით", - წერია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების თანახმად, პროექტი ითვალისწინებს 1970-იან წლებში მოწყობილი იატაკის დემონტაჟს არქეოლოგიური ზედამხედველობის პირობებში და ახალი, ღია ფერის ქვით იატაკის მოწყობას ტრადიციული ქართული წყობის გამოყენებით.

"არსებული იატაკის ნიშნული დაიწევა რამდენიმე სანტიმეტრით, რაც უზრუნველყოფს გამოვლენილი სვეტებისა და პილასტრების პროპორციების სრულფასოვან აღქმას".

რაც შეეხება კითხვას იმასთან დაკავშირებით, ხომ არ დააზიანებს მეხუთე საუკუნით დათარიღებულ ძეგლს სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გამოყენებული ტექნიკის ხმაური და ვიბრაცია, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო პასუხობს, რომ:

"გვიანდელი ბეტონისა და ბაზალტის ფენების მოხსნის პროცესში, ტექნოლოგიური აუცილებლობიდან გამომდინარე, გარკვეულ, ძნელად მოსახსნელ ადგილებში, გამოყენებულია შესაბამისი მექანიკური საბურღ-სატეხი საშუალება, რაც დასაშვებია პროფესიული პრაქტიკის ფარგლებში, რომელიც არ უქმნის საფრთხეს ძეგლის კონსტრუქციულ მდგრადობასა და არ იწვევს მის დაზიანებას".

სააგენტო აცხადებს, რომ სამუშაოები მიმდინარეობს არქეოლოგისა და დარგის შესაბამისი სპეციალისტების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ, პროცესის თითოეული ეტაპის დოკუმენტირებითა და კონტროლით.

სარემონტო სამუშაოების ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა

მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა ბოლნისის სიონში მიმდინარე სამუშაოების კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორც ამუშავებენ იატაკს ელექტროტექნიკით, ე.წ. პერფორატორით.

ვიდეოს 20 აპრილს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო მიმართავდა სამუშაოებთან დაკავშირებული შეკითხვით.

და წერდა, რა თანამედროვე საშუალებები არსებობს იმისთვის, რომ ჩატარებული სამუშაოებისას მოხდეს ძეგლის დაცვის პრევენციაც.

"ეს ვიდეო გუშინ არის გადაღებული (გუშინ მომაწოდეს). კადრებში ჩანს V საუკუნის ქართული სასულიერო არქიტექტურის საეტაპო ძეგლი, ბოლნისის სიონი. ველურები ვართ, ნამდვილი ველურები!

სავარაუდოდ, კულტურის სამინისტრო და შესაბამისი სააგენტო კვლავ იტყვიან, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ, ზუსტად ისე, როგორც ყინწვისში „მეტლახის“ დაგებისას მოხდა. ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული", - დაწერა თამარ ამაშუკელმა.


ასევე სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა მიმდინარე სამუშაოებს კულტურული მემკვიდეობის დაცვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი და განაცხადა, რომ ტაძარში იატაკზე "შავი ბაზალტი, მე-20 საუკუნის 70-იან წლებში" იყო დაგებული, "მისი შეცვლა შეიძლება, არც თუ ლამაზი და მისადაგებული იყო".

მანვე აღნიშნა, რომ "მაგრამ რატომ ცვლიან (კარგ მდგომარეობაში იყო) და რას დააგებენ სანაცვლოდ? ესაა მთავარი. სამუშაო ყოფილა ოფიციალური ნებართვით".


ასევე ნახეთ

"ყველა მნიშვნელოვან ძეგლს დიდი გასაჭირი აქვს", - ამბობს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი


ნიკა ვაჩეიშვილს და თამარ ამაშუკელს თავიანთ პოსტებში მოჰყავთ წლების წინ ყინწვისში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების მაგალითიც.

რა მოხდა ყინწვისში

2019 წელს ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში, რომელიც რუისისა და ურბნისის ეპარქიას ეკუთვნის და მე-12 საუკუნის დასაწყისშია აგებული, ადგილობრივმა სასულიერო პირებმა თვითნებური რემონტი გააკეთეს და ტაძარში მწვანე მარმარილოს იატაკი დააგეს. სასულიერო პირებმა ახალი იატაკის დაგება იმიტომ გადაწყვიტეს, რომ ძველი უსწორმასწორო და მოუხერხებელი იყო.

მაშინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საჯაროდ დაწერა, რომ მათი ინსპექტორები ყინწვისში არც კი შეუშვეს. სააგენტომ ეკლესიასთან ვერაფერი გააწყო და კიდევ ერთი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი დაზარალდა.

ასევე ნახეთ

ისტორიული ძეგლების რემონტი: "რა გაინტერესებთ, მე ვარ ის კაცი, ვინც ეგ გააკეთა!"

მოგვიანებით, 2020 წელს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის ტაძარში სასულიერო პირების მიერ თვითნებურად დაგებულ იატაკს შეცვლიდნენ და რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის გამარჯვებული კომპანიაც გამოვლინდა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებდნენ, რომ სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციას ფონდი „ქართუ“ დააფინანსებდა. სამუშაოების ღირებულება კი მას შემდეგ გახდებოდა ცნობილი, რაც შპს „იკორთა 2007“ რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობას დაასრულებდა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სარეაბილიტაციო საპროექტო სამუშაოებზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ჯგუფმა იმუშავა, რამდენიმე შეხვედრაც გაიმართა, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოები ვერ განხორციელდა ადგილობრივ სასულიერო პირებთან წინააღმდეგობის გამო.