ტრამპი: ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სამი კვირით გაგრძელდება

თეთრი სახლის ოვალურ ოფისში 23 აპრილს გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის, სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს და ისრაელსა და ლიბანში აშშ-ის ელჩების შეხვედრა აშშ-ში ისრაელის და ლიბანის ელჩებთან.

ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სამი კვირით გაგრძელდება.

გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 23 აპრილს გამოაცხადა, რასაც წინ უძღოდა თეთრ სახლში მისი, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის, სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს და ისრაელსა და ლიბანში აშშ-ის ელჩების შეხვედრა აშშ-ში ისრაელის და ლიბანის ელჩებთან.

პრეზიდენტმა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში თავის გვერდზე დაწერა, რომ შეხვედრა ძალიან კარგად ჩატარდა და ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტა სამი კვირით გაგრძელდება.

დონალდ ტრამპის თანახმად, აშშ აპირებს თანამშრომლობას ლიბანთან, რათა მას ჰეზბოლასგან დაცვაში დაეხმაროს. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მოუთმენლად ელოდება შესაძლებლობას, უახლოეს მომავალში მიიღოს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და ლიბანის პრეზიდენტი ჯოზეფ აუნი.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის სამი კვირით გაგრძელების შესახებ პრეზიდენტ ტრამპის განცხადებიდან მალევე ისრაელის თავდაცვის არმიამ სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ ლიბანის ტერიტორიაზე დაარტყეს გამშვებ დანადგარს, საიდანაც მოწინააღმდეგემ რამდენიმე რაკეტა ისროლა ისრაელის შტულის რაიონისკენ.

ასევე ნახეთ

ტრამპმა გაახანგრძლივა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის ვადა

ისრაელმა ლიბანში მოქმედი რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰეზბოლას წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პარალელურად, 2026 წლის თებერვლის ბოლოდან დაიწყო. ჰეზბოლა ირანის მოკავშირეა.

  • 14 აპრილს ვაშინგტონში გაიმართა 1993 წლის შემდეგ პირველი პირდაპირი მოლაპარაკება ისრაელსა და ლიბანს შორის. მოლაპარაკება გამართეს აშშ-ში ისრაელის და ლიბანის ელჩებმა.
  • 16 აპრილს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელი და ლიბანი შეთანხმდნენ ცეცხლის ათი დღით შეწყვეტაზე.

რამდენიმე დღით ადრე ისრაელის მთავრობის საიტზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დავალებაა ლიბანთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება ჰეზბოლას განიარაღების მიზნით და ქვეყნებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობების დასამყარებლად.

ვაშინგტონმა განაცხადა, რომ მზად არის ისრაელს და ლიბანს ხელი შეუწყოს ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში.

  • 7 აპრილიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს აშშ-ისრაელს და ირანს შორისაც.

ასევე ნახეთ

ისრაელი აშშ-ის მწვანე შუქს ელოდება, დააბრუნოს ირანი ქვის ხანაში - თავდაცვის მინისტრი