ირანის მმართველ წრეებში ღრმავდება უთანხმოება შესაძლო კომპრომისების გამო, რომლებიც განიხილება აშშ-სთან შეთანხმების გაფორმების და ომის დასრულების მიზნით. ამ ცნობას ავრცელებს The Wall Street Journal-ი (WSJ), წყაროებზე და ანალიტიკოსებზე დაყრდნობით.
გამოცემის თანახმად, რყევები შესამჩნევი იყო უკვე აპრილის დასაწყისში გამართული მოლაპარაკებებისას, თუმცა ისინი მიმდინარე კვირაში კიდევ უფრო გამწვავდა. შუამავლები აღნიშნავენ, რომ ირანი გაურბის პირდაპირ პასუხებს საკვანძო მნიშვნელობის კითხვებზე.
თუკი კონფლიქტის მსვლელობისას თავდასხმის ფაზაში ხელისუფლება ერთიანობას აჩვენებდა, ცეცხლის შეწყვეტის ფონზე პირველ პლანზე გამოვიდა სანქციების მოხსნის საკითხი, რაც რთულ კომპრომისებს მოითხოვს. და ამან, WSJ-ის შეფასებით, შიდა წინააღმდეგობები გააძლიერა.
კონფლიქტი ვითარდება ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში მკაცრი პოლიტიკის მომხრეებსა და ეკონომიკის აღდგენაზე მომუშავე სამოქალაქო მმართველებს შორის. რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენლები მოლაპარაკებებში მონაწილეებზე ზეწოლას ახორციელებენ და მოითხოვენ დათმობები არ იყოს დაშვებული.
კერძოდ, კრიტიკას ექვემდებარებიან პარლამენტის სპიკერი, მოჰამედ ბაღერ ყალიბაფი და საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაყჩი - მათი მზადყოფნის გამო განიხილონ ირანის ბირთვული პროგრამა.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებებს სწორედ შიდა უთანხმოებები გაართულებს. მათი აზრით, ვითარება რთულდება ძლიერი უზენაესი ლიდერის არარსებობით - რომელიც ხელისუფლების კონსოლიდირებას შეძლებდა.
ფორმალურად, უზენაესი ლიდერია მოჯთაბა ხამენეი, თუმცა იგი საჯაროდ არ გამოჩენილა ამ პოსტზე არჩევის შემდეგ. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ ამის მიზეზი საომარი მდგომარეობაა და არა ხამენეის ჯანმრთელობა.