ბუკინგემის სასახლე აცხადებს, რომ ვაშინგტონში მომხდარი სროლის შემდეგ აშშ-ში მეფე ჩარლზის ვიზიტზე მსჯელობენ

ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III მასპინძლობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს უინძორის სასახლეში, მისი მეორე სახელმწიფო ვიზიტის დროს. უინძორი, 17 სექტემბერი, 2025 წელი

ბუკინგემის სასახლემ განაცხადა, რომ 26 აპრილს აშშ-ის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები იმართება იმის დასადგენად, იმოქმედებს თუ არა აშშ-ში ბრიტანეთის მეფე ჩარლზის ამ კვირაში სახელმწიფო ვიზიტის დაგეგმვაზე სროლის ინციდენტი.

საიდუმლო სამსახურის აგენტებმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სხვა მაღალი რანგის პირები თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშმიდან სასწრაფოდ გაიყვანეს მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა ახლოს მყოფი დაცვის თანამშრომლების მიმართ. სროლის სამიზნე, სავარაუდოდ, პრეზიდენტი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები იყვნენ, განაცხადა აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა ტოდ ბლანშმა.

ბლანშმა ასევე დასძინა, რომ დარწმუნებულია, მეფე ჩარლზი უსაფრთხოდ იქნება ამ კვირაში შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს.

სასახლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ჩარლზი სრულად არის ინფორმირებული მოვლენების შესახებ და შვებით ამოისუნთქა, რომ ტრამპი, მისი მეუღლე და ყველა სტუმარი უვნებელი გადარჩნენ.

„დღის განმავლობაში რამდენიმე საუბარი შედგა აშშ-ის კოლეგებთან და ჩვენს შესაბამის გუნდებს შორის" იმაზე, „რა ხარისხით შეიძლება იმოქმედოს ან არ იმოქმედოს შაბათ საღამოს მოვლენებმა ვიზიტის ოპერატიულ დაგეგმვაზე“, - განაცხადა პრესსპიკერმა.

სასახლის წყაროს ცნობით, ჩარლზი და მისი მეუღლე კამილა, პირადად დაუკავშირდნენ ტრამპს და მის მეუღლეს - პირველ ლედის მელანია ტრამპს - თანაგრძნობის გამოსახატავად.

სამეფო წყვილი ორშაბათს შეერთებულ შტატებში ოთხდღიანი ვიზიტით ჩავა. დაგეგმილია ტრამპთან პირადი შეხვედრა და კონგრესისადმი მიმართვა, რომელიც აშშ-ს ბრიტანეთის მმართველობისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 250 წლისთავს ეძღვნება.

დიდი ბრიტანეთის მთავარმა მდივანმა დარენ ჯონსმა კვირას განაცხადა, რომ მთავრობა მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურებთან ჩარლზის ვიზიტამდე და რომ უკვე მიმდინარე დისკუსიები მომდევნო დღეებში გაგრძელდება.

ასევე ნახეთ

თავდამსხმელის სამიზნე, სავარაუდოდ, ტრამპი იყო - აშშ-ის ოფიციალური პირი