ისრაელის მიერ ღაზის სექტორში განხორციელებული იერიშების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 9 წლის ბავშვი

ღაზის სექტორი (ხან-იუნისი) 17 ოქტომბერი, 2025 წელი (არქივი)

ღაზის სექტორში 28 აპრილს ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად სამი პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 9 წლის ბიჭი, იტყობინებიან ჯანდაცვის უწყების ოფიციალური პირები.

Reuters-ი იმოწმებს მედიკოსებს, რომლების თქმით, ისრაელის დრონმა ღაზის სექტორის სამხრეთით, ხან-იუნისის აღმოსავლეთ მხარეს, ბავშვი მოკლა, ხოლო ქალაქ ღაზაში, ავტობუსზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

ისრაელის სამხედროებმა არცერთ ინციდენტზე კომენტარი არ გააკეთეს.

ნათესავების თქმით, ბიჭი მუყაოს აგროვებდა, რომელსაც ოჯახი საჭმლის მოსამზადებლად იყენებს. ღაზაში 2023 წლის ოქტომბერში ომის დაწყების შემდეგ, ელექტროენერგია არ არის და პალესტინელები ისრაელის მიერ საკვების დასამზადებლად საჭირო გაზის შეტანაზე დაწესებულ შეზღუდვებს უჩივიან.

ასევე ნახეთ

482 დღე ჰამასის ტყვეობაში

ძალადობა ღაზაში გრძელდება 2025 წლის ოქტომბერში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიუხედავად.

ადგილობრივი მედიკოსების ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლიდან, სულ ცოტა, 800 პალესტინელი დაიღუპა, ისრაელის თქმით კი, იმავე პერიოდში მებრძოლების თავდასხმებს მისი ოთხი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

ისრაელი და ჰამასი (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულადაა შერაცხილი) ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში.

ღაზის ჯანდაცვის ორგანოების მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში ღაზაში ომის დაწყების შემდეგ, 72 500-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.

ისრაელის მონაცემებით, ჰამასის მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმებს 1200 ადამიანი ემსხვერპლა.

ასევე ნახეთ

ღაზის სექტორში ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად ჩატარდა მუნიციპალური არჩევნები


ასევე ნახეთ

ესპანეთის პრემიერი ისრაელში მიღებულ სიკვდილით დასჯის კანონს უწოდებს "აპარტეიდისკენ გადადგმულ ნაბიჯს"