ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცურატავში (ყოფილი ქილაგირი) 11 წლის მოზარდს, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ავტომობილი შეეჯახა. ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ვერ გადაარჩინეს.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები ჯერ „ავერსის“ კლინიკასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მარნეულის ცენტრისკენ გადაინაცვლეს. ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური და საპატრულო პოლიცია.
პოლიციას მძღოლი იდენტიფიცირებული ჰყავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით: ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით.
- ბოლო 10 წელიწადში, 2015-2025 წლებში, საქართველოს გზებზე ავარიებისას 5 324 ადამიანი მოკვდა.
- მხოლოდ 2025 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 469 ადამიანი ემსხვერპლა - მათგან 28 ბავშვი და 164 ქვეითი.