მთავრობა ოპოზიციონერ კარაპეტიანს $62,3 მლნ-ს სთავაზობს „სომხეთის ელექტროსისტემაში“, თუმცა 10 წლის მოგებას ითხოვს

ფოტოზე: ნიკოლ ფაშინიანი ხვდება სამველ კარაპეტიანს. 2021 წლის 24 ივნისი

მანამ, სანამ სომხეთის მთავრობა „სომხეთის ელექტროსისტემის“ (ENA) ნაციონალიზაციას კვლავ შეეცდება, მის მფლობელს, ოპოზიციონერ კარაპეტიანს აღნიშნულ კომპანიაში $62,3 მილიონს სთავაზობს, - ირკვევა რადიო თავისუფლების მოპოვებული კონფიდენციალური დოკუმენტიდან.

თუმცა მთავრობის მოთხოვნაა, რომ კომპანიამ დააბრუნოს 10 წლის განმავლობაში მოგებიდან მიღებული დივიდენდები, რაც გარიგების რეალურ თანხას მხოლოდ 380 000 აშშ დოლარამდე შეამცირებს.

სამველ კარაპეტიანი 2025 წლის 18 ივნისს დააკავეს. დეკემბრიდან ის შინაპატიმრობაშია.

მისი დაკავებიდან 18 საათში, 19 ივნისს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „სწრაფად“ სურდა კარაპეტიანის „ტაშირ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებული „სომხეთის ელექტროსისტემის“ (ENA-ს) ნაციონალიზაცია.

დოკუმენტი, რომელიც რადიო თავისუფლების სომხურმა სამსახურმა მოიპოვა და რომლის დეტალებიც 2026 წლის პირველ მაისს გამოაქვეყნა, აჩვენებს, რომ მანამ, სანამ სომხეთის მთავრობა ნაციონალიზაციის პროცესს კვლავ დაიწყებს, 62,3 მილიონ ამერიკულ დოლარს სთავაზობს კომპანიის 100%-იან წილში.

ასევე ნახეთ

სომხეთში მილიადერი ოპოზიციონერი რუსეთის მოქალაქეობის დათმობას გეგმავს

ეს შეთავაზება მთავრობამ ENA-ს 2026 წლის 17 თებერვალს გაუგზავნა.

  • მთავრობამ 2025 წლის ივლისში გადაიბარა კომპანიის მმართველობა მას შემდეგ, რაც კარაპეტიანის „ტაშირ ჯგუფი“ კომპანიის არაჯეროვნად მართვაში დაადანაშაულა.
  • „ტაშირმა“ სტოკჰოლმის არბიტრაჟში იჩივლა.

ასევე ნახეთ

ერევანმა დაპატიმრებულ კარაპეტიანთან საარბიტრაჟო დავაში ამერიკული ფირმა შეცვალა
  • „სომხეთის საჯარო სამსახურის რეგულირების კომისიამ“ - დამოუკიდებელმა უწყებამ, რომელსაც ფაშინიანის პოლიტიკური მოკავშირე ხელმძღვანელობს, - 2025 წლის 17 ნოემბერს ფორმალურად შეუჩერა „ტაშირ ჯგუფს“ ოპერირების ლიცენზია.

რადიო თავისუფლების მოპოვებული დოკუმენტის თანახმადვე, გარდა იმისა, რომ კომპანიაში მთავრობა იხდის 62,3 მილიონ აშშ დოლარს, „ტაშირ ჯგუფისგან“ ითხოვს ბოლო 10 წლის განმავლობაში მიღებული მოგების მთავრობისთვის დაბრუნებას.

ეს კი, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ კარაპეტიანის ჯგუფს კომპანიაში სთავაზობენ მხოლოდ 380 000 აშშ დოლარს, - როდესაც კარაპეტიანის ქონებას [იგულისხმება სრული ქონება] „ფორბსი“ 4 მილიარდ აშშ დოლარად აფასებს.

„არ ვიცი, რანაირად შეიძლება კომპანია მხოლოდ $62 მილიონად შეეფასებინათ“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას დავით ღაზინიანმა, ENA-ს ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც კარაპეტიანის მეგობარია.

ასევე ნახეთ

ვნახეთ, რა მოუვიდათ საქართველოს და უკრაინას რუსეთთან მტრობით - ფაშინიანის მთავარი კონკურენტი

„სავარაუდოდ, ეს რიცხვი ადგილობრივმა შემფასებელმა კომპანიამ ხელისუფლების ზეწოლის შედეგად დაწერა“, - თქვა მან.

სომხური კანონმდებლობის თანახმად, „ტაშირს“ სამთვიანი ვადა აქვს, სანამ მთავრობის შეთავაზებას ოფიციალურ პასუხს გასცემს. ჯერ მთავრობას პასუხი არ მიუღია.

კანონის ამ ჩანაწერის გათვალისწინებით, სომხეთის ადმინისტრაციულმა სასამართლომ მთავრობას აუკრძალა ENA-ს ნაციონალიზაცია 2026 წლის 25 მაისამდე.

ასევე ნახეთ

თუ რუსეთი „დაპირებულ ინვესტიციებს“ არ ჩადებს, სომხეთმა შესაძლოა რკინიგზის სექციები დაიბრუნოს და თავად განაახლოს - ფაშინიანი