ირანმა პაკისტანს გადასცა აშშ-სთან მოლაპარაკების ახალი გეგმა

თეირანი ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში

ირანის ხელისუფლებამ აშშ-სთან მოლაპარაკების ახალი გეგმა გადასცა შუამავლებს პაკისტანიდან - იუწყება ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA.

გავრცელებული ცნობით, წინადადება შუამავლებს გადაეცათ 30 აპრილის საღამოს. დოკუმენტის შინაარსი საჯარო არ არის. The Guardian-ის მონაცემებით, ვარაუდობენ, რომ გეგმა კონცენტრირებულია საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე და ჰორმუზის სრუტის გახსნაზე, ამასთან, ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ დეტალური მოლაპარაკებები უფრო გვიანდელ ეტაპზე უნდა გადაიდოს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ესმაილ ბაგაიმ ინტერვიუში თქვა, რომ თეირანისთვის აშშ-სთან ნებისმიერ მოლაპარაკებაში მთავარ პრიორიტეტად რჩება "ომის შეწყვეტა და მყარი მშვიდობა".

СBS-ის მონაცემებით, შუამავლებმა წინადადება აშშ-ს გადასცეს. პაკისტანელმა დიპლომატებმა ჟურნალისტებთან საუბარში ოპტიმიზმი გამოხატეს და აღნიშნეს, რომ ახალმა წინადადებამ შესაძლოა უფრო დააჩქაროს სამშვიდობო გადაწყვეტა.

ირანის ახალი წინადადების განხილვის ფონზე მცირედ შემცირდა ნავთობზე გლობალური ფასი. "საფონდო ბაზრები პოზიტიურ მიმართებას ინარჩუნებენ", - აღნიშნავს მედია.

თეთრ სახლში უარი თქვეს ახალი გეგმის შესახებ კომენტარზე. პრესმდივანმა ანა კელიმ განაცხადა, რომ თეთრი სახლი არ ასაჯაროებს კერძო დიპლომატიური მოლაპარაკებების შინაარსს.

აპრილის ბოლოს აშშ-ის მაღალჩინოსანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ტრამპი ძალიან უკმაყოფილოა თეირანის მიერ გამოთქმული ბოლო წინადადებით ომის დასრულების თაობაზე. გამოცემა Axios-ი სამ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანის მიერ წამოყენებული გეგმა ითვალისწინებს ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის ბლოკადის მოხსნას და თეირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების უფრო გვიანდელ დროში გადატანას. საკუთრივ ირანში ჯერ არ დაუდასტურებიათ ამგვარი გეგმის არსებობა.

ძალაში რჩება ტრამპის მიერ ინიციირებული ცეცხლის შეწყვეტა. თავად ტრამპი 28 აპრილს აცხადებდა, რომ თეირანს სურს ვაშინგტონმა "რაც შეიძლება სწრაფად გახსნას ჰორმუზის სრუტე".

ასევე ნახეთ

WSJ: ტრამპმა გასცა ირანის ხანგრძლივი ბლოკადისთვის მომზადების დავალება